30/09/2022
13:26
პოლიტიკა
პარლამენტსა და უმაღლეს თანამდებობებზე, რუსეთის დაახლოებით 15 აგენტი რეზიდენტია, მათ შორის „ოთხეული“, მაგრამ რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კობახიძისგან მოისმინეს აღიარებითი ჩვენება, რომ მათ ინტერესში არ არის თანამედროვე იარაღის მიწოდება საქართველოსთვის.
„გუშინ, პრორუსული პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და მისი „ოთხეულის“ მხრიდან ჩვენ ფაქტობრივად, მოვისმინეთ აღიარებითი ჩვენება. მათ აღიარეს და დაადასტურეს, რომ მათ ინტერესში არ შედის თანამედროვე იარაღის მიწოდება, მათ აღიარეს და დაადასტურეს, რომ სწორედ რუსული ტანკები ეიმედებათ ხელისუფლებაში ყოფნის შესანარჩუნებლად, რაც ყველაზე საგანგაშოა. მათ ისეთივე ლაჩარი და მხდალი ჰგონიათ ქართველი ერი, როგორიც თვითონ არიან და რასაც თვითონ აკეთებენ.
მეგობრებო, რუსეთი ესხმის სუსტებს და არა ძლიერებს თავს, საქართველოსთვის მშვიდობის გარანტია არის სამი რამ: „ჰაიმარსები“, „პატრიოტები“ და „აბრაამსის ტანკები“.
ვერასდროს რუსეთი ვერ გაბედავს ამ შემთხვევაში ჩვენზე თავდასხმას და სწორედ ამას ემსახურება რუსული რეზიდენტურ აგენტურული ქსელი, რომელიც საქართველოშია და მთავარი სათქმელი: ჩვენი ინფორმაციით დღეს, საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე, დაახლოებით რუსეთის 15 აგენტი რეზიდენტია, მათ შორის არის ის „ოთხეული“, რომელიც ასე გავეშებულად გამოდის. ისინი პირდაპირ რუსეთთან მიბმული აგენტები არიან, მაგრამ რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე. დიახ! ის არის რუსეთის აგენტი, რომელმაც გუშინ პირდაპირ ეთერში ისიც კი გაბედა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი „გააპრავა“.
დიახ! მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე, რომელიც დღისით მზისით გვეუბნება, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა არ სჭირდება, არც „აბრამსები“, „ჰაიმარსები“ და „პატრიოტები“ გვჭირდება.
დიახ! მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე, რომელმაც გაბედა ისიც და თქვა, რომ თურმე რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება არაფერ პრობლემას არ ქმნის ამ ქვეყანაში და დიახ! მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც ფიქრობს, რომ შეინარჩუნებს საკუთარ პოზიციას და თანამდებობას იმ შემთხვევაში, თუ რუსული ტანკის შიშით შეაშინებს ქართველ ხალხს.
მე ვეუბნები მას და ყველა რუსეთის აგენტს! თქვენი ყველას ლუსტრაცია მოხდება ამ ქვეყანაში, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, თქვენს მიერ მიტაცებულ სამშობლოს, ჩვენ პროევროპელი ქართველი ხალხი არც ერთ შემთხვევაში თქვენ არ დაგითმობთ.
თქვენ ხართ რუსეთის წარმომადგენლები და ინტერესების გამტარი საქართველოში.
საქართველო და ქართველი ხალხი, თქვენ საკადრის პასუხს გაგცემთ თქვენს მოღალატეობრივ ქმედებებზე!“ - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისათვის, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის, ასევე საქართველოს მიერ შეიარაღების შეძენის საკითხზე ოპოზიციის მოწოდებებზე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ისაუბრა.
კობახიძის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვებ-გვერდზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას „ვიზიტს“ აღარ უწოდებს და "სათაური შერბილებულია“. როგორც კობახიძემ განმარტა, საუბარია, რომ ლუკაშენკო ჩავიდა არა აფხაზეთში, არამედ შავი ზღვის სანაპიროს ისტორიული ადგილები მოინახულა.
ამასთან, კობახიძის თქმით, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა მრავალმილიარდიანი პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, არის უმძიმესი პროვოკაცია. მისი თქმით, საუბარია ლენდ ლიზზე, ხოლო „ლენდ-ლიზის“ დამტკიცება რუსეთს შეუქმნიდა საბაბს სამხედრო ინტერვენციისთვის.
„რაც შეხება ომის დაწყების დღიდან „ლენდ- ლიზს“ და უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას, ეს იქნებოდა მეორე ფრონტის გახსნისკენ მიმართული ნაბიჯი. ეს იქნებოდა არა თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ მიმართული ნაბიჯი, არამედ მეორე ფრონტისკენ მიმართული ნაბიჯი. ამას აბრალებს ვაშაძე და ბოკერია ამერიკულ მხარეს და ამას სჭირდება რეაგირება, ეს არის უმძიმესი ბრალდება,“ - აცხადებს კობახიძე და დასძენს, რომ ამერიკული მხარე უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ეს ტყუილია.
0
0