
ანტალიაში საერთაშორისო ფორუმის პანელური დისკუსიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვეს კითხვები "სამს პლიუს სამ" ფორმატთან დაკავშირებით. მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დიდი ხანია საქართველო ამ ფორმატში აღარ ირებს მონაწილეობას, რადგან რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი.
მისი თქმით, ერთადერთი ფორმატი, სადაც საქართველო რუსულ მხარესთან კონფლიქტთან დაკავშირებით საუბრობს, არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორუმი, სადაც საქართველოსთან ერთად ჩართული არიან სხვადასხვა მხარეები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, გაერო, ეუთო და ევროკავშირი.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ძალიან მჭიდრო პარტნიორული და სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს რეგიონის სხვა წევრებთან.
მაკა ბოჭორიშვილმა, პანელური დისკუსიის დროს კიდევე ერთხელ დააფიქსირა ქვეყნის საგარეო კურსი. მისი განმარტებით ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დგას.
"მე ამ ფორმატს "სამი პლუს ორ" ფორმატს ვუწოდებდი, რადგან საქართველო ამ ფორმატში არ მონაწილეობს, თუმცა იგი ხშირად "სამი პლუს სამი" ფორმატის სახელით მოიხსენიება. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, რუსეთის ფედერაციის გარდა, რასაც თავისი მიზეზი აქვს: საქართველოს ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამ ორ რეგიონში დღემდე უკანონოდ განლაგებულია რუსეთის შეიარაღებული ძალები. სწორედ ამიტომ ჩვენ არ განვიხილავთ ამ ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობას. ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის მხოლოდ ერთი ფორმატი გვაქვს.
ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები — ფორმატი. რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობას გვაძლევს. რაც შეეხება რეგიონს, გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა სხვა მეზობლებთან — სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან. თურქეთთან და აზერბაიჯანთან ათწლეულების განმავლობაში მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ, რომლებიც უმნიშვნელოვანესია როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ფართო რეგიონისთვისაც.
უკვე ათწლეულებია, რაც საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზას ადგას — ჩვენ გვსურს ვიყოთ ევროკავშირის წევრი. ამ კურსმა საქართველოს თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტირების, ევროპული სტანდარტების დანერგვისა და ევროპულ ეკონომიკურ სივრცესთან დაახლოების შესაძლებლობა მისცა. ეს მიღწევები უდიდესი რესურსია, რამაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს მთელ რეგიონს. მზად ვართ თანამშრომლობისთვის ჩვენს მეზობლებთან ამ მიმართულებითაც — რათა ხელი შევუწყოთ რეგიონულ თანამშრომლობასა და რეგიონული პროექტების განხორციელებას. თუმცა, ეს თანამშრომლობა არ ნიშნავს „სამი პლუს სამ“ ფორმატში ჩართვას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0
ქართული ენის დღე თსუ-ში
14/04/2025