უკრაინის ხელმძღვანელობა იმედგაცრუებულია, რომ კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე სისხლიანი თავდასხმის შემდეგაც კი ვაშინგტონში ნატოს სამიტმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი შეტევითი იარაღი არ გადასცა და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეებზე თავდასხმის საშუალება არ მისცა. ამის შესახებ Bild-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე პაულ რონცჰაიმერი უკრაინის სამთავრობო წრეების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
„ყველა, ვინც ამ დღეებში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, წარმომადგენლებს ესაუბრა, აღიარებს მზარდ სასოწარკვეთას იმის გამო, რომ არ არსებობს მკაფიო გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ უკრაინის დასაცავად ყველაფერი გაკეთდეს. ეს განსაკუთრებით აშკარაა, როდესაც საქმე ეხება საკითხს, შეძლებს თუ არა უკრაინა დასავლური იარაღით რუსეთზე თავდასხმას. ეს არის სასტიკი გულგრილობა ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაძლევენ უფლებას, ყველა რუსულ ობიექტზე იერიში მივიტანოთ“, - განაცხადა უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით.
სხვა წყაროს თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ დასავლური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით პოზიციას საბოლოოდ შეიცვლის. ახლა კიევში შოკია იმის გამო, რომ ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შესაძლოა, დაუსჯელი იყოს. ბოლო თვეების განმავლობაში ქალაქი გარკვეულწილად უსაფრთხოდ მიიჩნეოდა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ საჰაერო თავდაცვა მუდმივად ფართოვდებოდა.
„ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმამ კიდევ ერთხელ სასტიკად აჩვენა, რომ უკრაინაში არსად არავინ არის უსაფრთხოდ. ჩვენ გვჭირდება არა აღშფოთების გამომხატველი სიტყვები, არამედ მტკიცე გადაწყვეტილება, რათა თავი დავიცვათ. ჩვენს სამხედროებს უნდა მიეცეთ საშუალება, გამოიყენონ დასავლური იარაღი, რათა რუსეთში ნებისმიერ წერტილში მდებარე სამხედრო ობიექტებს დაარტყან. არ შეიძლება, რუსეთი თავს დაესხას კიბოთი დაავადებულ ბავშვებს, ჩვენ კი თავი ვერ დავიცვათ“, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
როგორც Bild-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე წერს, უკრაინა ახლა უფრო სასტიკი კვირების წინაშე დგას. „მაგრამ კითხვა, თუ რას შეიძლება ქვეყანა ნატოსგან ელოდეს, ახლა უფრო ღიაა, ვიდრე ოდესმე. პუტინს კი შეუძლია, სიცილი გააგრძელოს“, - წერს რონცჰაიმერი.
0
0