01/12/2023
16:41
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ამ ეტაპზე არ შეესაბამება უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს და ევროკავშირმა კიევს სტრატეგიული პარტნიორობა უნდა შესთავაზოს.
როგორც „ევროაქტივი“ წერს, აღნიშნული განცხადება უნგრეთის პრემიერმა უნგრულ რადიოსთან ინტერვიუში გააკეთა.
„უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება არ ღირს, რადგანაც ჩვენ არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, რა იქნება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შედეგი. დასაწყისისთვის მე უპირატესობას მივანიჭებდი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. ამან შეიძლება, წაიღოს ხუთი ან ათი წელი. მოდით, დავაახლოოთ უკრაინა. დისტანცია ახლა ძალიან დიდია. მოგვეცით დრო, ერთად მუშაობა დავიწყოთ“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ბუდაბეშტი არ ემხრობა უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაფართოების მიზნით, ევროკავშირის ბიუჯეტის გაზრდის გეგმას. ორბანის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საკუთარი, ეროვნული ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრებით უნდა დაეხმარონ ან ცალკე ფონდი შექმნან.
0
0