
უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყოფილ ვიცე-პრემიერს და აშშ-ში ყოფილ ელჩს, ოლგა სტეფანიშინას, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ახალი ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს. ამის შესახებ „რბკ-უკრაიბნა“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ამჟამად უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომის დაწყებისას სტეფანიშინას ადვოკატებმა სასამართლოს სთხოვეს, პროცესი დახურულ რეჟიმში წარმართულიყო.
ცნობისთვის, 2025 წლის ივლისში სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო სტეფანიშინას შესაძლო უკანონო ქმედებების გამო. საქმე ეფუძნებოდა „უკრაინსკაია პრავდას“ ჟურნალისტურ გამოძიებაში ასახულ ფაქტებს. სავარაუდოდ საუბარია სამსახურებრივი უფლევამოსილების ბოროტად გამოყენებაზე.
მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტეფანიშინა ცხოვრობდა ბინაში, რომელიც მის დედას ეკუთვნის, თუმცა ეს უძრავი ქონება მის ქონებრივ დეკლარაციაში არ იყო მითითებული.
ამასთან, „უკრაინსკაუა პრავდას“ გამოძიების თანახმად, სტეფანიშინასთან დაახლოებულმა პირებმა მართვაში მიიღეს ოთხი მსხვილი უძრავი ქონების ობიექტი, მათ შორის კიევის მაიდანზე მდებარე პროფკავშირების სახლი.
ამასთან, ოლგა სტეფანიშინას სახელი არაერთ ჟურნალისტურ გამოძიებაში ფიგურირებდა. კერძოდ, 2019 წელს მას ბრალი წარუდგინეს ე.წ. „ლუკაშის საქმეში“, რომელიც ეხებოდა მის საქმიანობას იუსტიციის სამინისტროში, იმ პერიოდში, როდესაც სამინისტროს ელენა ლუკაში ხელმძღვანელობდა.
გამოძიების ვერსიით, საქმე სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლო გაფლანგვას ეხება, რომელიც უკრაინული კანონმდებლობის კვლევის ტენდერთან იყო დაკავშირებული. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი დღემდე გრძელდება.
3 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თავად სტეფანიშინამ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო და აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ჩასვლისას დასახული ძირითადი ამოცანები უკვე შეასრულა.
0
0