
აშშ უახლოეს მომავალში ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის ამერიკულ სატელეფონო ნომრებზე პირდაპირი წვდომის აკრძალვას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) განაცხადა, რომ 19 ნოემბერს კენჭს უყრის წინადადებას, რომელიც China Mobile-ის, China Telecom-ის, China Unicom-ისა და სხვა IP-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის ამერიკულ ნომრებზე პირდაპირი წვდომის აკრძალვას ითვალისწინებს.
მედიის ცნობით, ეს ზომა თაღლითობასთან დაკავშირებული ავტომატური სატელეფონო ზარების აღკვეთას ისახავს მიზნად.
„ამ გადაწყვეტილებით FCC გააძლიერებს ჩვენი თავდაცვის პირველ ხაზს მავნე აქტორებისა და უკანონო ავტომატიზებული სატელეფონო ზარების წინააღმდეგ“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, ბრენდან კარმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ამ აკრძალვის შესაძლო დაწესებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. უწყებამ ვაშინგტონი ეროვნული უსაფრთხოების ცნების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციასა და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა უწყების შეფასებით, ეს ჩინური კომპანიების საქმიანობის შეზღუდვას ისახავს მიზნად.
0
0