
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს გერმან გალუშჩენკოს ფულის გათეთრებასა და კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობაში წაუყენეს ბრალი.
გამოძიების თანახმად, კრიმინალური ორგანიზაციის მონაწილეებმა 2021 წელს კუნძულ ანგილიაზე დაარეგისტრირეს ფონდი, რომელსაც დაახლოებით 100 მილიონი დოლარის „ინვესტიცია“ უნდა მოეზიდა.
გამოძიების ინფორმაციით, „ინვესტორებს“ შორის იყო გალუშჩენკოს ოჯახიც. გამოძიების მიხედვით, „მისი მონაწილეობის დასაფარად ორი კომპანია ჩამოაყალიბეს, რომლის ბენეფიციარებიც გახდნენ გალუშჩენკოს ყოფილი მეუღლე და ოთხი შვილი. ეს კომპანიები ფონდის „ინვესტორები“ იყვნენ. ამის შემდეგ, კრიმინალური ორგანიზაციის წევრებმა სამ შვეიცარიულ ბანკში ფონდის ანგარიშებზე დაიწყეს თანხების გადარიცხვა. ამ გზით გადაირიცხა 7,4 მილიონ დოლარზე მეტი. გარდა ამისა, კიდევ 1,3 მილიონზე მეტი შვეიცარიული ფრანკი და 2,4 მილიონი ევრო ნაღდი ფულის სახით გაიცა და გალუშჩენკოს ოჯახს პირდაპირ შვეიცარიაში გადაერიცხა. ამ თანხების ნაწილი მოხმარდა შვეიცარიის პრესტიჟულ სასწავლებლებში ბავშვების სწავლის საფასურის გადახდას და ეჭვმიტანილის ყოფილი მეუღლის ანგარიშებზე განთავსდა. დანარჩენი თანხა დეპოზიტზე დაიდო, საიდანაც ოჯახი დამატებით შემოსავალს იღებდა და საკუთარი საჭიროებებისთვის ხარჯავდა“. გამოძიების თანახმად, საერთო ჯამში, გალუშჩენკოს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კრიმინალურმა ორგანიზაციამ დაახლოებით 112 მილიონ დოლარი ნაღდი ფული მიიღო.
გალუშჩენკო გუშინ, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.
2025 წლის 10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ჩხრეკას ატარებდა ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩთან და მაშინდელ იუსტიციის მინისტრ გერმან გალუშჩენკოსთან. იმავე დროს „უკრაინსკაია პრავდას“ წყაროებმა განაცხადეს, რომ მინდიჩი ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე საზღვარგარეთ გაიქცა. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ კი განაცხადა, რომ ენერგეტიკის სფეროში საბიუჯეტო თანხების მითვისების მასშტაბური კორუფციული სქემა გამოავლინა. ანტიკორუფციულმა ბიურომ, ასევე, გაასაჯაროვა ამ საქმეში ფიგურანტების სატელეფონო მოლაპარაკებების აუდიოჩანაწერები.
0
0