
ბოლო წლებში უკრაინის მხარდასაჭერად ესტონეთში შეგროვებული შეწირულობების ოდენობა საგრძნობლად შემცირდა. არადა, საქველმოქმედო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მხარდაჭერა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ომის პირველ წლებში იყო.
თუ ომის პირველ წლებში მსხვილი ორგანიზაციები ყოველწლიურად მილიონობით ევროს ოდენობის შეწირულობას აგროვებდნენ, ახლა ეს თანხები რამდენიმე ასეულ ათას ევრომდე შემცირდა. ფანდრაიზერები (თანხების შემგროვებლები – რედ.) ამბობენ, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ორგანიზაცია Slava Ukraini-ს საქმიანობით გამოწვეული რეპუტაციული ზიანია, რამაც ხალხს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისადმი ნდობა დააკარგვინა.
ესტონეთის სამაშველო ასოციაციის ხელმძღვანელმა, პია კალასმა განაცხადა, რომ ამის გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორებია თავისუფალი ფინანსური სახსრების ნაკლებობა და ომით გამოწვეული დაღლილობა.
„გასული წლიდან მოყოლებული, ასევე ვხედავთ, რომ ჩვენს ცხოვრებასა და ეკონომიკაში მომხდარი მოვლენებიდან გამომდინარე, ესტონეთში ხალხს უჭირს ფულის გაღება. ამას გარდა, ომი ძალიან დიდხანს გაჭიანურდა და, სამწუხაროდ, ზოგს შესაძლოა აღარ სჯერა, რომ ეს დახმარება ომის უფრო სწრაფად დასრულებას რაიმენაირად შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა კალასმა.
მისი აზრით, მხარდაჭერა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გასულ წლებში იყო.
„გასული წლიდან მოყოლებული, საგრძნობლად გაიზარდა მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების რაოდენობა. ეს ეხება უკრაინის არა მხოლოდ აღმოსავლეთ, არამედ დასავლეთ რეგიონებსაც, სადაც რუსეთის სამიზნეს, კიევიდან ლვოვამდე, მშვიდობიანი მოსახლეობა და ტერიტორიები წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, უკრაინის სამაშველო სამსახურები ზოგჯერ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე ომის დასაწყისში, როდესაც ადამიანებისა დაცვის გამოწვევის წინაშე მხოლოდ ფრონტისპირა ტერიტორიები იდგა“, – დასძინა კალასმა.
ეროვნული თავდაცვის ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელი, მაიტ პალცი კი ამბობს, რომ ესტონელების შესაძლებლობა, გაუწიონ დახმარება უკრაინას, მართალია შემცირდა, მაგრამ დახმარების სურვილი არ გამქრალა.
„ესტონელებმა, ამ მხრივ, ძალიან კარგად იმუშავეს. ვფიქრობ, ხალხმა კარგად გააცნობიერა თანადგომის საჭიროება და, შესაბამისად, მხარი დაუჭირა უკრაინას. ცენტრალური ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი ვითარება და საკითხის გააზრების დონე განსხვავებულია“, – განაცხადა პალცმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბუცელის“ ხელმძღვანელი, პიტერ ლიინსოო მიიჩნევს, რომ აუცილებელი არ არის, დახმარება აუცილებლად ფინანსური იყოს – ხალხს ასევე შეუძლია ნივთების გაღება, რომლებიც ომში მყოფ ქვეყანას გამოადგება. მისი თქმით, დახმარების ხარჯების უმეტესი ნაწილის დაფარვა მის ორგანიზაციას თავად უწევს.
„იმ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელსაც მე მივეკუთვნები, მთავარი დონორი თავად ვარ. არაეთიკურად მიმაჩნია, სხვას ფული ვთხოვო, თუ თავად რაიმე წვლილს არ შევიტან“, – დასძინა ლიინსოომ.
0
0