
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე დარტყმებისთვის ამერიკული იარაღის გამოყენება უკვე დაიწყეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დამოუკიდებელი ანალიტიკოსი OSINTdefender-ი წერს.
ასეთ დასკვნებს ის ბელგოროდის ოლქში აღმოჩენილი და რუსი პროპაგანდისტების მიერ ნაჩვენები საბრძოლო მასალის ფრაგმენტების შესწავლის შემდეგ აკეთებს. ანალიტიკოსმა ამოიცნო ისინი, როგორც GMLRS-ის მართვადი რაკეტები, რომლებიც M142 HIMARS-დან გაუშვეს.
„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენეს. ამ თავდასხმის შედეგები ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, ხარკოვის ოლქიდან მინიმუმ 8 რაკეტა გაუშვეს“, - წერს ექსპერტი.
ანალიტიკოსმა ასევე შეისწავლა HIMARS-ის მოწყობილობიდან რაკეტების გაშვების ღამის კადრები და დაასკვნა, რომ ეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ამ იარაღის გამოყენების პირველი ეპიზოდი იყო.
„კადრებში ნაჩვენებია M142 HIMARS სისტემიდან ვოლჩანსკის სამხრეთით გასროლილი სულ მცირე რვა რაკეტა, რასაც რუსეთში საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება მოჰყვა“, - წერს OSINTdefender.
გერმანული გამოცემა BILD-ის სამხედრო ექპსერტი ჯულიან როპკე ეთანხმება OSINTdefender-ს და დასძენს, რომ ხარკოვის ჩრდილოეთით რუსეთის შეტევა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ახლა მთლიანად შეჩერებულია. მისივე შეფასებით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინის არმია ფრონტის ხაზს თავდაჯერებულად იკავებდა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ნება დართო, გადაცემული ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის გამოიყენოს. თეთრი სახლის განცხადებით, ნებართვა ვრცელდება არა მარტო ხარკოვის ოლქის, არამედ სუმის ოლქის სიახლოვეს.
Politico-ს ცნობით, უკრაინის ხელმძღვანელობა ასეთი ნახევრად შემსუბუქებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა და აპირებს აგრესორის წინააღმდეგ დარტყმის აკრძალვის სრულად მოხსნას მიაღწიოს.
0
0