03/03/2023
15:20
მსოფლიო
ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო პასუხისმგებლობა ანგელა მერკელსაც ეკისრება.
როგორც ციმერმანმა ტელეკომპანია n-tv-სთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც მერკელი გერმანიის კანცლერი იყო, მან ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას გზა გაუხსნა.
გერმანელი დეპუტატის განცხადებით, ამ მხრივ უმთავრესი შეცდომა გერმანიის უარი იყო NATO-ში უკრაინის მიღებაზე მაშინ, როცა 2008 წელს, ბევრი წევრი სახელმწიფო მიემხრო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას, თუმცა, ციმერმანის თქმით, მაშინ რუსეთის ფაქტორის გამო, გერმანია და საფრანგეთი ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
„ეს მაშინ, საფრანგეთის და ანგელა მერკელის მხრიდან დიდი შეცდომა იყო“, - აცხადებს ციმერმანი.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ახლა, გერმანიას მოუწევს, გადახედოს ანგელა მერკელის მმართველობის პერიოდს და განსაკუთრებით, „ბოლო რამდენიმე წლის ისტორიას, რომელიც სავსეა არასწორი გათვლებით“.
0
0