16/06/2023
14:28
პოლიტიკა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან საქართველო მტკიცედ განაგრძნობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური, ისე დიპლომატიური, ჰუმანიტარული მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებით, რეზოლუციების თანაავტორობით, თანასპონსორობით თუ განცხადებებზე მიერთების გზით გამოიხატება.
„საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა ხუთასს აჭარბებს. საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის საქართველოში მყოფ 20 000-ზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სოციალურ თუ საგანმანათლებლო პროგრამის მეშვეობით, ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის ამ დრომდე განხორციელდა საქართველოში დასვენების, რეაბილიტაციის ხუთი პროექტი.
საქართველო, როგორც ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის თანადამფუძნებელი და აქტიური წევრი, ყოველწლიურად უმაღლეს დონეზე მონაწილეობს პლატფორმის სამიტში.2022 წლის ოქტომბერში ზაგრებში, ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეობაა საქართველოს პარლამენტის მხრიდან უკრაინა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
0
0