
ორგანიზაციაში „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს ინფორმაციით, უკრაინაში პრესის თავისუფლების მხრივ უკუსვლა შეინიშნება. ორგანიზაცია ხელისუფლებისგან შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვს. ინფორმაციას kyivindependent.com ავრცელებს.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ იუწყება, რომ უკრაინაში მედიის თავისუფლების მიმართ მხარდაჭერა და პატივისცემა საგანგაშოდ არის შემცირებული. შეინიშნება სახელმწიფოსა და სხვა პოლიტიკური ძალები მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლა.
სულ მცირე 5-მა უკრაინელმა ჟურნალისტმა მათი პუბლიკაციების გამო მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. ეს ჟურნალისტები 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში არსებულ კორუფციაზე წერდნენ.
24 მაისს კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრად სერგეი ჩერევატი დაინიშნა, რომელიც მანამდე ალექსანდრე სირსკის სტრატეგიული ჯგუფის, „ხორტიცას“ სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსის მოადგილე იყო.
„12 ივნისს გამოქვეყნებული სამხედრო ბრძანებულების მიხედვით, ყველა უკრაინელი სამხედროს ციტატები და ინტერვიუები მათ გამოქვეყნებამდე 3 დღით ადრე სტრატეგიული სამხედრო კომუნიკაციების ცენტრში უნდა გაიგზავნოს. რეალური დროის ფორმატში ომის გაშუქება სულ უფრო რთული ხდება“, - წერს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში ჟანა კაველიემ მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ მან „პრესის თავისუფლების საგზაო რუკა“ შეასრულოს, რომელიც უკრაინამ ივნისის დასაწყისში მიიღო.
საგზაო რუკის მიხედვით, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულის გამოძიება უნდა მოხდეს, მედიის პლურალიზმი და თავისუფლება ხელშეუხებელი უნდა იყოს, ომის გაშუქებისას დისკრიმინაცია და შეზღუდვები დაუშვებელია, ასევე პროპაგანდაზე პასუხისმგებელი პირები, რომლებმაც სამხედრო დანაშაულების პროვოცირება მოახდინეს, დასჯილები იყვნენ.
დოკუმენტი ასევე მოუწოდებს უკრაინას, რომ ინფორმაციის და დემოკრატიის საერთაშორისო პარტნიორობის ინიციატივას შეუერთდეს, რაც ჟურნალისტების მიმართ ნდობას გაზრდის და ჟურნალისტიკის დაფინანსებას უზრუნველყოფს.
ბოლო თვეებში უკრაინაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რასაც მედიის წარმომადგენლები პრესაზე ზეწოლად განიხილავენ.
მიმდინარე წლის აპრილში ჟურნალისტმა ევგენი შულგატიმ გამოაქვეყნა სტატია უკრაინის კიბერუსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ილია ვიტიუკის წინააღმდეგ, რასაც ვიტიუკის გადადგომა მოჰყვა. ამის შემდეგ შულგატიზე უკრაინის უშიშროების მხრიდან მუდმივი ზეწოლა ხორციელდება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგამოძიებო გამოცემა Bihus.Info-ს წინააღმდეგ უკანონო თვალთვალი მიმდინარეობს, ჟურნალისტი იური ნიკოლოვი კი მუდმივად მუქარის წერილებს იღებს.
ნიკოლოვის გამოძიება უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრს ალექსეი რეზნიკოვს ეხებოდა, საუბარია ჯარისკაცებისთვის უხარისხო ზამთრის ქურთუკების შეძენაზე და სურსათზე ფასების ხელოვნურ გაზრდაზე. ამ პუბლიკაციების შემდეგ ალქსეი რეზნიკოვმა თანამდებობა დატოვა.
0
0