20/07/2023
00:44
მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის განცხადებით, მისი ქვეყანა არ აპირებს, 15 სექტემბერს უკრაინას საზღვარი გაუხსნას მარცვლეულის პროდუქტების იმპორტისთვის, თუ ევროპის კომისია უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვას არ გაახანგრძლივებს.
როგორც მატეუშ მორავეცკის აცხადებს, ეს არის გადაწყვეტილება არა უკრაინის წინააღმდეგ, არამედ, პოლონელი ფერმერების მხარდასაჭერად.
„ჩვენ, ევროკომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, 15 სექტემბრიდან, ორ თვეზე მცირე ხნის შემდეგ, საზღვარი უნდა გავხსნათ (უკრაინასთან მარცვლეულის პროდუქტებისთვის). მე მინდა მკაფიოდ განვაცხადო პოლონეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, რომ ამ საზღვარს არ გავხსნით. ევროკომისია ან დაგვთანხმდება წესების მიღებაზე, რომლებიც გაახანგრძლივებს ამ აკრძალვას, ან ამას ჩვენ თვითონ გავაკეთებთ“, - ციტირებს მატეუშ მორავეცკის სიტყვებს ადგილობრივი გამოცემა РАР.
მეტიც, პოლონეთის პრემიერი არ გამორიცხავს, რომ იგივე შეზღუდვები დაუწესონ უკრაინიდან იმპორტირებულ სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსაც.
„ჩვენ მკაცრი და პრინციპული პოზიცია გვექნება, დავიცავთ პოლონელ ფერმერებს - ეს პირველი. მეორე - თუ მომავალში სხვა სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზეც გამოვლინდება დესტაბილიზაციის ნიშნები, იმავეს მოვიმოქმედებთ, რადგან პოლონეთის ხელისუფლება მოვალეა, დაიცვას საკუთარი ქვეყნის სოფლის მეურნეობა. ეს ნაბიჯი არ არის მიმართული უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ ამას პოლონელი ფერმერებისთვის ვაკეთებთ“, - ამბობს მატეუშ მორავეცკი.
პოლონეთის პრემიერი აქვე აღნიშნავს, რომ პოლონელები იმუშავებენ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის ხელშეწყობაზე, რადგან ეს არ იწვევს შიდა ბაზრის დესტაბილიზაციას.
მანამდე, პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ მათ პოზიციას იზიარებს ბულგარეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი. როგორც რობერტ ტელუსმა განაცხადა, ხუთმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საერთო პოზიციას, 15 სექტემბრის შემდეგაც გაახანგრძლივონ უკრაინიდან ოთხი სახეობის მარცვლეულის კულტურის შემოტანა.
„თუმცა, ხელშეკრულებაში ასევე წერია, რომ ჩვენ ძალიან გახსნილი ვართ ტრანზიტისთვის“, - აღნიშნა რობერტ ტელუსმა.
0
0