აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინას რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა მოუწევს.
The New York Times-ის ცნობით, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, უკრაინელ მაღალჩინოსნებთან საუბრისას, რუბიომ ხაზი გაუსვა კომპრომისის აუცილებლობას უკრაინისა და რუსეთის მხრიდან და აღნიშნა, რომ ორივე მხარეს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ კონფლიქტის დასასრულებლად ან თუნდაც შესაჩერებლად, უკრაინაც და რუსეთიც მზად უნდა იყვნენ მკაცრი გადაწყვეტილებების მისაღებად და მძიმე რეალობის წინაშე დასადგომად“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.
მიუხედავად იმისა, რომ რუბიომ არ დააკონკრეტა პოტენციური შეთანხმების დეტალები, მან განმარტა, რომ ორმხრივი დათმობები იქნება ნებისმიერი დიპლომატიური გადაწყვეტილების გასაღები. სამხედრო მდგომარეობის განხილვისას, რუბიომ ორივე მხარის საბოლოო გამარჯვების მიმართ სკეპტიციზმი გამოხატა.
„ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რომ შექმნილ სიტუაციაში სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. რუსები ვერ დაიპყრობენ მთელ უკრაინას და, ცხადია, უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება ნებისმიერ გონივრულ ვადაში რუსების იძულებით გაბრუნება იმ საზღვრამდე, სადაც ისინი 2014 წელს იდგნენ. მომავალ მოლაპარაკებებში გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება რუსეთის კომპრომისზე წასვლის სურვილის დადგენა,’’ - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
0
0