
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა, რათა გამოეხატა თავისი „ძლიერი შეშფოთება“ და მოეთხოვა „განმარტებები“ უკრაინის ორი ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის შესუსტების შესახებ.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა.
ევროკომისიის პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოთქვა ძლიერი შეშფოთება ცვლილებების შედეგებთან დაკავშირებით და მოითხოვა უკრაინის მთავრობისგან განმარტებები.
„კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ძირითადი ელემენტებია. როგორც კანდიდატ ქვეყანას, უკრაინას მოეთხოვება ამ სტანდარტების სრულად დაცვა. კომპრომისზე წასვლა შეუძლებელია. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ უკრაინაში სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების მიღებით. ისინი უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების კომპეტენციებისა და უფლებამოსილებების მნიშვნელოვნად შესუსტების რისკებს ქმნიან. ორივე ინსტიტუტი, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა, ფართოდ განიხილება, როგორც უკრაინის კანონის უზენაესობის ქვაკუთხედი. ეს ინსტიტუტები უკრაინის რეფორმების დღის წესრიგისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ისინი დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდნენ კორუფციასთან საბრძოლველად და საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად“, – აღნიშნა პრესსპიკერმა.
0
0