
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში, გლუშკოვოს დასახლებასთან მდინარე სეიმზე გადებული ხიდი გაანადგურეს.
პროკრემლისტური ტელეგრამ-არხის, Mash-ის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა იერიშისთვის HIMARS-ის სარაკეტო სისტემა გამოიყენეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა გლუშკოვოს რაიონის ზვანნოეს დასახლების ხიდზეც მიიტანეს იერიში.
გლუშკოვოს უკრაინასთან სამი ხიდი აკავშირებს, ერთი გლუშკოვოში, მეორე ზვანნოესა და მესამე კარიჟში მდებარეობს.
როგორც არხები იუწყებიან, ხიდის ჩამონგრევის შედეგად გლუშკოვოს რაიონის ნაწილი, დაახლოებით 29 დასახლება რუსეთს არის მოწყვეტილი.
მანამდე, კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა გლუშკოვოს დასახლებისა და რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა და ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვა, "ახლანდელ სიტუაციას გაგებით მოეკიდონ".
გლუშკოვო უკრაინისგან 7 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. დასახლებაში დაახლოებით ოთხნახევარი ათასი, რაიონში კი დაახლოებით ოცდასამი ათასი ადამიანი ცხოვრობს.
0
0