
გამოცემა Astra-ს ცნობით, 1-ელ ივნისს უკრაინამ რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე მორიგი იერიში მიიტანა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინის იერიშის დროს რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა Точка-У-ს ტიპის რაკეტები და შვიდი დრონი ჩამოაგდეს. ამასთანავე დაამატეს, რომ უკრაინის იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
თუმცა, მოგვიანებით ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა, ხოლო რამდენიმე შენობა და მანქანა დაზიანდა.
Astra-ს ინფორმაციით, რუსული საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებული სამიზნეების ნარჩენები ბელგოროდში მდებარე ერთ-ერთი ტბის სანაპიროზე ჩამოვარდა.
ამასთანავე, სოციალურ მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ უკრაინის მიერ ბელგოროდის მორიგი დაბომბვის კადრებია ასახული.
ამას გარდა, გავრცელდა კიდევ ერთი დაუდასტურებელი ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ უკრაინის მიერ M142 HIMARS-დან ნასროლი რაკეტის ნარჩენები ჩანს. თუკი აღნიშნული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდა, ეს სავარაუდოდ პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აშშ-ს მიერ მიწოდებული საბრძოლო მასალებით რუსეთის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს.
0
0