28/08/2023
16:39
მსოფლიო
უკანონოდ გაშვილებული კაცი 42 წლის შემდეგ ოჯახს პირველად შეხვდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 42 წლის წინ საავადმყოფოს თანამშრომლებმა მარია ანჟელიკა გონზალესს ჩვილი დაბადებისთანავე გამოართვეს, მოგვიანებით კი უთხრეს, რომ ის გარდაიცვალა. დედა-შვილი პირველად ერთმანეთს 42 წლის შემდეგ ჩილეში შეხვდა.
თაიდენმა ოჯახის მოძებნა რამდენიმე თვის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიაში ჩილეში არალეგალურად გაშვილებული ბავშვების ისტორიები წაიკითხა. მათ არასამთავრობო ორგანიზაცია Nos Buscamos-ის დახმარებით ოჯახებთან კავშირი აღადგინეს.
ორგანიზაციამ დაადგინა, რომ თაიდენი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს საავადმყოფოში ნაადრევად დაიბადა და ინკუბატორში მოათავსეს, შვილის წასაყვანად მისულ დედას კი უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა და მისი ცხედარი განადგურდა.
„საბუთები, რომლებიც გაშვილებისას მქონდა, ამბობს, რომ ცოცხალი ნათესავები არ მყოლია. ბოლო რამდენიმე თვეში კი გავიგე, რომ თურმე, დედა და ხუთი და-ძმა მყავს. როგორ უნდა ჩაეხუტო ადამიანს ისე, რომ დაკარგული 42 წელი აინაზღაურო?", - ამბობს თაიდენი მედიასთან.
თაიდენმა თქვა, რომ მთელ ამ პროცესში გამზრდელი მშობლები მხარს უჭერენ და ამ სიტუაციაში ისინიც მსხვერპლები აღმოჩნდნენ, რომელთაც ბავშვის შვილად აყვანისას მის წარსულზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.
თაიდენი ცოლთან და შვილებთან ერთად ჩილეში ჩავიდა, რათა ოჯახს შეხვედროდა. დედის სახლში ჩასულს მას 42 სხვადასხვა ფერის ბუშტით დახვდნენ, რომლებიც დაკარგული წლების სიმბოლო იყო. კაცის თქმით, ამ ბუშტების გახეთქვა მისთვის ყველაფერ იმის დაბრუნებას ნიშნავდა, რაც წაართვეს.
0
0