29/11/2024
00:00
პოლიტიკა
უკან დასახევი გზა არც ერთ მხარეს აღარ აქვს - არც ხალხს და არც ივანიშვილს პუტინთან ერთად , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე მისვლისას მედიასთან განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, ძალაუფლებას ხელში ხალხი იღებს და ეს პროცესი აღარ შეჩერდება.
“ეს ის არის, რაც მოსალოდნელი იყო, რომ მოხდებოდა და მოხდა, შეიძლება, უფრო ადრე, ვიდრე ელოდნენ, მაგრამ მოხდა. უკან დასახევი გზა არც ერთ მხარეს აღარ აქვს - არც ხალხს და არც ივანიშვილს პუტინთან ერთად. ეს სინქრონიზებული გადაწყვეტილებაა - აქ კობახიძის ბრიფინგი და იქ პუტინის ნახევარ საათში გავრცელებული განცხადება, გასაგებია, რომ შეთანხმებით იყო, ამიტომ, ხალხი იღებს ძალაუფლებას ხელში, ეს პროცესი აღარ შეჩერდება. იქ, სადაც არის ხალხის წრფელი პროტესტი, გამორიცხულია უკან დახევა. ან რუსეთი ან საქართველო და ევროპული მომავალი, ან პუტინი, ან ქართველი ხალხი, ან მოსკოვი ან თბილისი - ეს არის, რა დილემის წინაშეც ვდგავართ. ამ საკითხის გარშემო ოპოზიციურ ჯგუფებში არის ბევრისთვის ნანატრი კონსენსუსი მოძებნილი და ერთობა”, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, თბილისში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია ერთდროულად მიმდინარეობს. მოქალაქეები აქციებზე თვითდინებით მას შემდეგ მივიდნენ, რაც რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
0
0