
ABC News-ის ინფორმაციით, აშშ-ის შტატ უისკონსინში, 17 წლის ნიკიტა კასაპმა მშობლები დახოცა, რათა დონალდ ტრამპის მოკვლისა და სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად ფინანსები მიეღო.
ვაუკეშას ოლქის ხელისუფლების ცნობით, პოლიციამ ნიკიტა კასაპი მარტში დააკავა და მას მკვლელობასა და ცხედრების დამალვაში ბრალი წაუყენა. სხვა ბრალდებები ეხება $10000-ზე მეტი ღირებულების ქონების ქურდობას და ფულის მისაღებად პირადობის მოწმობის გამოყენებას. 1 მარტს, ვაუკეშას ოლქის შერიფის დეპარტამენტმა მოზარდის მამინაცვალი, 51 წლის დონალდ მაიერი და დედა, 35 წლის ტატიანა კასაპი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. შერიფის განყოფილებამ ჩხრეკის ორდერი გასცა და გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ნიკიტა კასაპმა დრონი და ასაფეთქებელი ნივთიერებები იყიდა, რათა ტერაქტი მოეწყო.
ფედერალური სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, კასაპის ტელეფონი შეიცავდა მასალებს ნეო-ნაცისტური სექტის "ცხრა კუთხის ორდენის" შესახებ. ასევე, მის ელექტრონულ მოწყობილობებზე აღმოჩენილია ადოლფ ჰიტლერის ფოტოები, წარწერებით, სადაც "თეთრი რასის გადასარჩენად" ტრამპის მკვლელობაზეა საუბარი.
"სხვა მხარეები, რომლებთანაც კასაპს კონტაქტი ჰქონდა, მისი გეგმისა და ქმედებების შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ. მათ მოზარდს გეგმების განხორციელებაში დახმარება გაუწიეს ", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
9 აპრილს, კასაპი სასამართლოში იმყოფებოდა ბრალდების წინასწარი მოსმენისთვის. ის ჯერჯერობით პატიმრობაში რჩება. ვაუკეშას ოლქის სასამართლოს ინფორმაციით, კასაპის მომდევნო სასამართლო სხდომა 7 მაისს გაიმართება.
0
0