
ნატო-ში შეერთებული შტატების ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობაში „სიყვარული არ გამქრალა“, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავდაცვის სფეროში უფრო მეტად ევროპაზე ორიენტირებული ხდება.
ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას, უიტაკერმა თავდაცვის საკითხებში ევროკომისარს, ანდრიუს კუბილიუსს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ევროპის თავდაცვის ერთგული რჩება. ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი ევროპიდან ათასობით სამხედრო მოსამსახურისა და მნიშვნელოვანი სტრატეგიული სამხედრო შესაძლებლობების გაყვანას განიხილავს.
„ჩვენ კვლავ გვიყვარხართ. ევროპელ მოკავშირეებს მუდმივად ვეუბნები, რომ შეერთებული შტატები უკან არ იხევს“, – განაცხადა უიტაკერმა პოლონეთის დედაქალაქში გამართულ ფორუმზე.
მეთიუ უიტაკერმა აღნიშნული განცხადებები გააკეთა პანელურ დისკუსიაზე, რომელიც ე.წ. ნატო 3.0-ს მიეძღვნა. ეს შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი მოდელია, რომელიც ითვალისწინებს, რომ ევროპამ საკუთარ ტერიტორიაზე ჩვეულებრივი შეიარაღებით თავდაცვის სფეროში წამყვანი როლი უნდა ითამაშოს, მაშინ, როდესაც ამერიკული ძალები კონტინენტზე სამხედრო ყოფნას ამცირებენ და სხვა რეგიონებზე გადაიტანენ ყურადღებას.
კუბილიუსის განცხადებით, „ნატო 3.0“ არ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ევროპელებს ეუბნება: „ჩვენ აღარ გვიყვარხართ, ამიტომ საკუთარ საქმეს თავად მიხედეთ“.
მისი თქმით, ევროპამ უნდა განავითაროს საჭირო სამხედრო შესაძლებლობები, რათა საკუთარ ტერიტორიაზე შესაძლო აგრესიის შეკავება დამოუკიდებლად შეძლოს.
„ევროპამ პასუხისმგებლობა საკუთარ ხელში უნდა აიღოს“, – განაცხადა კუბილიუსმა.
მანამდე კუბილიუსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სტრატეგიული სამხედრო შესაძლებლობების ჩანაცვლება ევროპას შესაძლოა, 500 მილიარდ ევრომდე დაუჯდეს. „ევრონიუსის“ მიხედვით, ექსპერტთა შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ევროპისთვის სამხედრო მხარდაჭერის შემცირებას გააგრძელებს, რუსეთთან შესაძლო დაპირისპირებისას თავის დასაცავად ევროპას დამატებით 300 000 სამხედრო მოსამსახურე დასჭირდება.
როგორც მედია აღნიშნავს, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ვაშინგტონი სამხედრო რესურსების სხვა რეგიონებში გადანაწილებას ცდილობს, მათ შორის ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში, რათა ჩინეთის მზარდ გავლენას დაუპირისპირდეს.
0
0