
უერთდება თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარტია "ლელოს" გაერთიანებას. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან ერთად.
ასევე, ფოტოზე არიან - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ფიქრია ჩიხრაძე და დავით გამყრელიძე. პარტიაში მარგველაშვილის გაწევრიანების შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანების პრესსამსახურში არ ადასტურებენ.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარტიას ჰყავს ბევრი პოტენციური პარტნიორი, რომლებსაც საქართველოში "ქართული ოცნების" მმართველობის დასრულება სურთ და მათ შორის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია.
"ჩვენ გვყავს ბევრი პოტენციური პარტნიორი, ბევრი ადამიანი, რომელსაც აინტერესებს ჩვენთან თანამშრომლობა რუსული რეჟიმის დასრულების მიზნით. ცხადია, მათ შორისი ერთ-ერთი არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა სწორი პოზიცია ამ ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე და ჩვენ მზად ვართ, რომ ვესაუბროთ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
0
0