18/05/2023
16:11
საზოგადოება
ნიუ-იორკში, Sotheby's აუქციონის სახლში, უძველესი, ყველაზე სრულყოფილი სახით შემორჩენილი ებრაული ბიბლია $38,1 მილიონად (30,6 მილიონი ფუნტი) გაიყიდა. ბიბლია ყველაზე ძვირადღირებული ხელნაწერია, რომელიც აუქციონზე გაყიდულა.
„სასუნის კოდექსი“ დაახლოებით 1100 წლის წინ დაიწერა. „სასუნის კოდექსი“ არის ებრაული ბიბლიის უძველესი და სრულყოფილი ასლი წიგნის სახით. სახელწოდება მისი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მფლობელის, იუდაური და ებრაული ხელნაწერების კოლექციონერის, დავით სოლომონ სასუნის (1880–1942), საპატივცემულოდ დაერქვა.
ეს არის ერთი უძველესი ხელნაწერის შემორჩენილი ნიმუში, რომელიც შეიცავს ებრაული ბიბლიის 24-ვე წიგნს პუნქტუაციით, ხმოვანთჰარმონიით და აქცენტებით.
ბიბლია ამერიკელმა იურისტმა და ყოფილმა ელჩმა ალფრედ მოზესმა ებრაელი ხალხის მუზეუმისთვის [ANU Museum of the Jewish People] იყიდა, რომელიც მდებარეობს თელ-ავივში, ისრაელში.
„მიხარია, რომ ის ებრაელ ხალხს ეკუთვნის. ჩემი მისია იყო „სასუნის კოდექსის“ ისტორიული მნიშვნელობის გაცნობიერება. ისტორიაში ებრაული ბიბლია ყველაზე გავლენიანია და ის დასავლური ცივილიზაციის საფუძველს წარმოადგენს“, - თქვა მოზესმა.
აუქციონზე შეთავაზებულმა ფასმა 30,8 მილიონ დოლარს გადააჭარბა - თანხას, რომელიც 1994 წელს Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ბილ გეიტსმა Codex Leicester-ისთვის (ლეონარდო და ვინჩის სამეცნიერო ჩანაწერების კრებულისთვის) გადაიხადა. მაგრამ ბიბლიის ფასი ჩამორჩა აუქციონზე გაყიდული ისტორიული დოკუმენტის ფასს - ორი წლის წინ ჰეჯ-ფონდის მენეჯერმა კენ გრიფინმა აშშ-ის კონსტიტუციის პირველი გამოცემის დაბეჭდილი ასლი $43,2 მილიონ დოლარად იყიდა.
ებრაული ბიბლიის ტექსტი, რომლის 24 წიგნი მოიცავს იმას, რასაც ქრისტიანები ძველ აღთქმას უწოდებენ, ადრეულ შუა საუკუნეებამდე უცვლელი დარჩა; შემდეგ კი, ებრაელმა მეცნიერებმა, ცნობილმა მასორეტებმა, მისი სტანდარტიზებისთვის შენიშვნების შექმნა დაიწყეს.
საუკუნეებისდროინდელი ანოტაციები და წარწერები ცხადყოფს, რომ კაცმა, სახელად ხალაფ ბენ აბრაამმა, ხელნაწერი ისააკ ბენ ეზეკიელ ალ-ატარს მიჰყიდა, რომელმაც მოგვიანებით ის თავის ორ ვაჟს, ეზეკიელს და მაიმონს, გადასცა. მე-13 საუკუნეში სასუნის კოდექსი განთავსებული იყო მაკისინში, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მდებარე სინაგოგაში. მე-13 საუკუნეში ქალაქი მონღოლებმა გაანადგურეს. მე-15 საუკუნის დასაწყისში, ტიმურიდებმა ხელნაწერი სალამა იბნ აბი ალ-ფახრს შესანახად გადასცეს. შემდეგ ის 500 წლის განმავლობაში ისტორიიდან გამქრალი იყო. „სასუნის კოდექსის“ ბოლოდროინდელი მფლობელი შვეიცარიელი ინვესტორი ჯაკი საფრა იყო, რომელმაც ის, ლონდონში, 1989 წლის აუქციონზე 2 მილიონ ფუნტად (2,5 მილიონი დოლარი) იყიდა.
0
0