
მეღვინეობა ბადაგონმა ბელგრადში, ღვინის ბუტიკში Wine & Pleasure ქართული ღვინოების დეგუსტაცია გამართა, რომელსაც სერბულმა გამოცემამ vinoifino.rs, ვრცელი სტატია მიუძღვნა.
პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ ქართული მეღვინეობის მრავალათასწლოვანი მემკვიდრეობა დღეს, პირველ რიგში, იმ კომპანიების საქმიანობაში აისახება, რომლებიც უძველესი ჯიშებისა და ტექნოლოგიების უწყვეტობას ინარჩუნებენ. წინაპართა გამოცდილებას თანამედროვე ცოდნასთან ახამებენ.
მედიის წარმომადგენლებისთვის ბადაგონის რვა რჩეული ღვინის დეგუსტაცია, ბადაგონის ენელოგმა, დოქტორმა სალომე სალაყაიამ გამართა.

„ბადაგონის“ შესახებ მომნუსხველი თხრობითა და რვა რჩეული ღვინის დეგუსტაციით მედიის წარმომადგენლებს გაუძღვა დოქტორი სალომე სალაყაია — ამ მარნის ენოლოგი და კომპანიის დამფუძნებლის ქალიშვილი. ეს იყო შესაძლებლობა, რვა ღვინის მაგალითზე, დამსწრეებს გაეცნოთ არა მხოლოდ ცალკეული ქართული ჯიშების ხასიათი, არამედ იმ ქვეყნის ღვინის კულტურა, რომლის მეღვინეობის ისტორია დაახლოებით 8000 წელს ითვლის."- წერს სტატიის ავტორი.
სტატიაში საუბარია ბადაგონის დამფუძნებელზე გიორგი სალაყაიაზე და კომპანიის დაარსების ისტორიაზე:
"სახელი „ბადაგონიც“ ამ ტრადიციის სიღრმეზე მიუთითებს. ქართულ კულტურაში ბადაგონი ღვინისა და უხვმოსავლიანობის უძველეს ღვთაებასთან ასოცირდება, ხოლო ზოგიერთი წყაროს თანახმად, ბადაგონის კულტი, ჯერ კიდევ მანამ არსებობდა, სანამ დიონისე ბერძნული ღვინის სამყაროს ცენტრალური ფიგურა გახდებოდა.
„ბადაგონი“ 2006 წელს დაარსდა — იმ პერიოდში, როდესაც ქართულ ღვინის ინდუსტრიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა სრულად აღდგენილი თავისი უწინდელი მნიშვნელობა.
დამფუძნებლის იდეა იყო, უზარმაზარი ისტორიული მემკვიდრეობა თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებთან შეერწყა. დღეს კომპანია კახეთის სხვადასხვა მიკროზონაში დაახლოებით 500 ჰექტარ ვენახს ფლობს. იყენებს ექსკლუზიურად ავტოქთონურ ქართულ ჯიშებს და წელიწადში 12 მილიონზე მეტ ბოთლს აწარმოებს, რომლის ექსპორტსაც 35-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.
„ღვინო არის მიწასთან და ტრადიციასთან კავშირის დამყარების საშუალება“ — აღნიშნა ენოლოგიისა და მევენახეობის დოქტორმა, სალომე სალაყაიამ, რომელმაც თავისი პროფესიული კვალიფიკაცია იტალიაში აიმაღლა. „ბადაგონის“ საქმიანობაში ეს კავშირი იმით გამოიხატება, რომ ტრადიციული ჯიშები და მეთოდები მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატად კი არ შეინარჩუნონ, არამედ მათი ღვინოები თანამედროვე ღვინის სამყაროსთვის გასაგები და მიმზიდველი გახდეს.

"ქართულ ღვინის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი ქვევრს უკავია — მიწაში ჩაფლულ დიდ თიხის ჭურჭელს, რომელშიც ღვინო ქართული ტრადიციისთვის დამახასიათებელი წესით მზადდება."- წერს სტატიის ავტორი.
" „ბადაგონი“ დღეს თავის ქვევრის ღვინოებს ალავერდის მონასტრის ისტორიულ მარანში აწარმოებს, რომლის ტრადიციაც საუკუნეებს ითვლის. 40-ზე მეტი ქვევრისგან შემდგარი მარანს, რომელიც XI საუკუნით თარიღდება, რესტავრაცია „ბადაგონის“ მხარდაჭერით 2006 წელს ჩაუტარდა.
ორგვარი ცქრიალა ღვინის — ერთი ბრუტისა და ერთიც ძალიან წვნიანი, ნახევრად ტკბილი ვარდისფერი (როზეს) დაგემოვნების შემდეგ, ჯერი ქვევრის ღვინოებზე მიდგა. ეს ღვინოები ჩვენს ბაზარზე პოტენციური ატრაქციონია, თუკი მათ პოპულარიზაციას სწორად მივუდგებით.
ქვევრის ქისი 2024-მა აჩვენა, რამდენად კომპლექსური შეიძლება იყოს ეს მეთოდი: გამოკვეთილი არომატები, სავსე სხეული და, იმავდროულად, შენარჩუნებული სიქორფე ამ ღვინოს შესანიშნავ გასტრონომიულ არჩევანად აქცევს.
ქვევრის ხიხვი 2024-მა დამატებით აჩვენა ნაკლებად ცნობილი ქართული ჯიშების პოტენციალი და ის ხასიათი, რომელსაც ღვინო ჭაჭასთან ხანგრძლივი კონტაქტის შედეგად იღებს. სრულიად განსხვავებული მიდგომა იყო წარმოდგენილი კახური კეთილშობილი თეთრი 2022-ის სახით — ეს არის რქაწითელისა და მწვანეს კუპაჟისგან შექმნილი ნათელი და ელეგანტური ღვინო ციტრუსოვანი ხასიათით, ძალიან ძლიერი სტრუქტურით, ხანგრძლივი დაბოლოებითა და, როგორც ჩანს, გარდასახვის უსაზღვრო უნარით: საათზე ნაკლებ დროში მას რამდენჯერმე მივუბრუნდით და ყოველ ჯერზე არომატის ახალ შრეებს ვაწყდებოდით.
თეთრი ღვინოების შემდეგ დავაგემოვნეთ ქვევრის რქაწითელი — ალავერდის ტრადიცია თეთრი 2024. ეს არის უფრო ნაზი სტრუქტურის, მშრალი დაბოლოებისა და ნატიფი ხილიანობის ღვინო — საინტერესო დამაკავშირებელი ხიდი კავკასიურ ეგზოტიკასა და ევროპულ ჩვეულ გემოებს შორის.
წითელ ღვინოებში მთავარი როლი საფერავმა ითამაშა — მკვიდრმა ქართულმა ჯიშმა, რომლის სახელიც, ჩვენს ენაზე „საღებავად“ (bojadiser) შეიძლებოდა ითარგმნოს იმ ინტენსიური ფერის გამო, რომელიც მას აქვს.
კახურმა კეთილშობილმა წითელმა 2022-მა აჩვენა, როგორ შეიძლება საფერავის დახვეწა მუხის დახმარებით, რის შედეგადაც ღვინო უფრო მომრგვალებულ და დახვეწილ ხასიათს იღებს, ხოლო ალავერდის ტრადიცია წითელი 2022-მა გაამართლა თავის სახელში არსებული სიტყვა „ტრადიცია“ შედარებით მყარი ტანინებით, ცოცხალი მჟავიანობით: სერიოზული ღვინო, რომელიც ხანგრძლივ ტრადიციაზეა აღზრდილი.
დეგუსტაციის მწვერვალი გახლდათ საფერავი რეზერვი 2010, რომელიც გამორჩეული მოსავლის საუკეთესო ყურძნის სელექციით არის დამზადებული. ღვინომ მუხაში 36-თვიანი დავარგება გაიარა და, ასაკის მიუხედავად, შეინარჩუნა გამოკვეთილი სიქორფე და სტრუქტურა. მის მაღალ ხარისხს მრავალი საერთაშორისო აღიარებაც ადასტურებს, მათ შორის Platinum-ის მედალი Decanter World Wine Awards-ზე.
ბოლოს მივირთვით საფერავი ქვევრი წითელი 2024 — იმავე ჯიშის სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაცია და ამ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ერთადერთი ქვევრის წითელი ღვინო: ძლიერი, მუქი და ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ღვინო, რომელშიც საფერავის ხილიანობა და ხასიათი მუხას არ დაუხშვია.
„ბადაგონის“ ღვინოები სერბეთის ბაზარზე ოფიციალურად ჯერ არ შესულა — თუმცა მთელი გულით ვიმედოვნებთ, რომ შევა."- ნათქვამია სტატიაში.
0
0
