
გასართობი კონტენტის გარდა, ტიკ-ტოკზე არსებობს უამრავი საშიში ტრენდი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოზარდთა როგორც მენტალურ ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობას.
სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება ე.წ. „მახრჩობელა გამოწვევა“, რომლის დროსაც ადამიანებმა სუნთქვა იქამდე უნდა შეიკავონ, სანამ გონებას არ დაკარგავენ.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს ამ ტრენდს, სულ მცირე, 80-ზე მეტი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
CBS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მათ შორის არიან 10 წლის რობერტი და 9 წლის არიანი რომელთა მშობლებმაც ტიკ-ტოკის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს.
ჩასისხლიანებული თვალები, უცნაური კვალი კისერზე და ძლიერი თავის ტკივილი - ეს ამ გამოწვევისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია.
აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მაშინაც კი, როდესაც ფატალური შედეგი არ დგება - „მახრჩობელა გამოწვევა“ მოზარდის ფიზიკურ ჯანმრთელობას გამოუსწორებელ შედეგს აყენებს.
ირლანდიაში მოღვაწე ექიმის, ნიკ ფლინის თქმით, როდესაც ორგანიზმს 3 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ჟანგბადი არ მიეწოდება, ტვინის უჯრედების ნაწილი კვდება და მათი აღდგენა შეუძლებელია.
კიდევ ერთი საშიში ტრენდი გახლავთ - ე.წ. ტანის გასარუჯი ცხვირის სპრეის გამოწვევა. მოზარდებს სჯერათ, რომ სპრეის შესხურების შემდეგ მათი კანი ფერს შეიცვლის.
ამერიკელი დერმატოლოგები მოზარდებს აფრთხილებენ, რომ ამ ტრენდს არ აჰყვნენ, რადგან სპრეი შეიცავს დიდი რაოდენობით ისეთ ჰორმონს (მელატონინს), რომელიც ყველაზე ცუდ შემთხვევაში მელანომას ანუ კანის კიბოს იწვევს და რომლის გამოყენებაც აშშ-ს კვებისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ ნებადართული არა. ტანის გასარუჯი ცხვირის სპრეის ხშირის გამოყენების შესახებ 4 ადამიანს უკვე განუვითარდა კანის კიბო.
საიდან ჩნდება მსგავსი გამოწვევები ტიკ-ტოკზე და ვინ დგას მათ უკან Tik Tok-ის ალგორითმის შესახებ ბევრს მსჯელობენ - ამ საკითხზე აზრი ორად იყოფა. თავად Tik Tok-ის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ტრენდები ორგანულად ჩნდება და ვითარდება აპლიკაციაში. როგორც კომპანია ამბობს, ამ გამოწვევებს თავისივე სურვილით ქმნიან მომხმარებლები, რათა ყველასგან განსხვავებულები გამოჩნდნენ და სხვებიც აიყოლიონ. რაც შეეხება მეორე ვერსიას - Bloomberg- ი წერს, რომ Tik Tok-ი დროდადრო თავადვე აძლევს რჩევებს პოპულარული კონტენტის შემქმნელებს იმის შესახებ, თუ რომელი მუსიკის, ჰეშთეგისა და ვიდეოს გამოყენება მოუტანთ მათ ჩართულობის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს.
0
0