
შვეიცარიის ფინანსთა მინისტრის, კარინ კელერ-სუტერის თქმით, UBS-ის მიერ Credit Suisse-ის ყიდვა შვეიცარიის საბანკო სისტემის კრიზისის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო.
"Credit Suisse-ი ორშაბათს ვერ გაუძლებდა". - თქვა მან შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში
შვეიცარიის ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საგანგებო კანონის გამოყენება ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის შეერთების დასაშვებად სიტუაციის სტაბილიზაციისთვის იყო საჭირო.
გასულ კვირას შვეიცარიის ხელისუფლებამ UBS აიძულა, დაჩქარებით, 3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის სანაცვლოდ თავისი დიდი ხნის შიდა კონკურენტი Credit Suisse ეყიდა.
ამ ნაბიჯის გასამართლებლად, რამაც Credit Suisse-ის აქციონერების უკმაყოფილება გამოიწვია, კელერ სუტერი აღნიშნავს, რომ ფედერალურმა მთავრობამ გადადგა მხოლოდ ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც სტაბილიზაციისთვის სრულიად აუცილებელი იყო.
"ჩვენ რომ არაფერი გაგვეკეთებინა, ორშაბათს Credit Suisse-ის აქციების ღირებულება განულდებოდა და აქციონერები სახლში ხელცარიელი წავიდოდნენ". - დასძინა მან.
გასულ კვირას, შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა.
0
0