12/12/2024
11:12
მსოფლიო
BBC-ის ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება განახორციელა, რის შედეგადაც „თალიბანის“ ლტოლვილთა მინისტრი ხალილ ჰაკანი დაიღუპა. ეს ისლამური მოძრაობის ყველაზე მაღალი დონის მსხვერპლია მას შემდეგ, რაც ის 2021 წელს, ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნდა.
,,აფეთქების დროს, კიდევ ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ჰაკანი თავისი ოფისიდან გამოდიოდა,’’ - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროებმა.
მოგვიანებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ,,ისლამური სახელმწიფოს“ საინფორმაციო სააგენტო Amaq-ის თანახმად, ,,ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი მინისტრის ოფისთან იდგა და, როცა ის გარეთ გამოვიდა, ასაფეთქებელი ნივთიერებები ააფეთქა. თალიბანის სპიკერმა Reuters-ს დაუდასტურა, რომ ჰაკანი ისლამურმა ორგანიზაციამ მოკლა.
ხალილ ჰაკანი თალიბანის ძლიერი ფრაქციის, ჰაკანის ქსელის, მაღალი რანგის წევრი იყო. ის აშშ-მა გლობალური დონის ტერორისტად გამოაცხადა.
0
0