
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ ევროპას ახლა ნამდვილად აქვს გადაწყვეტილი, აიღოს პასუხისმგებლობა თავის უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე ჩასვლისას განაცხადა.
ტუსკის თქმით, დღეს არის დღე, როდესაც ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, როდესაც საქმე ეხება ევროპის გადაწყვეტილებას შეიარაღების, იარაღის ინდუსტრიის საკითხში და იმ გამოწვევის მიღებას, რომელიც რუსეთმა მთელ მსოფლიოს დაუწესა.
მისი თქმით, ევროპის თავდაცვის გაძლიერებაზე საუბარი დიდი ხანია მიდის.
„ევროპამ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, ამ შეიარაღების რბოლას და უნდა გაიმარჯვოს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი წააგებს შეიარაღების რბოლას. ისევე როგორც საბჭოთა კავშირმა წააგო მსგავსი შეიარაღების რბოლა ოცდაათი წლის წინ“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან აცილებას.
„ევროპა დღეს მზად არის შეიარაღდეს უფრო სწრაფად და უფრო ეფექტურად, ვიდრე რუსეთი. დღეს არ არსებობს მიზეზი, ვიყოთ ზედმეტად ოპტიმისტურად განწყობილი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის გარდამტეხი მომენტი, როდესაც ევროპამ გააცნობიერა, რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას“, - დასძინა ტუსკმა.
0
0