
თურქეთში ვიზიტისას შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში სამმხრივ ფორმატში, თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის საკანონმდებლო ჩარჩო იყოს ჰარმონიზებული და შეთანხმებული იყოს.
„ჩემი პირველი ვიზიტი არის ანკარაში პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აქამდე იყო 2019 წელს ბოლო, ამიტომაც ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ 6 წლის თავზე განხორციელდა ოფიციალური ვიზიტი. მთავარი საკითხები, რასაც ჩვენ ვეხებოდით იყო საპარლამენტთაშორისო ორმხრივი ურთიერთობები. 2023 წელს მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს ჩვენს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ. ასევე არსებობს შეთანხმება პარლამენტის აპარატებს შორის თანამშრომლობის შესახებ და არის ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია კომიტეტებს შორის, მოურთვევინებია, მათ შორის მეგობრობის ჯგუფების დონეზე. ჩვენ საუბარი გვქონდა იმ საერთო გამოწვევებზე, რომლებიც რეგიონში არსებობს. დღევანდელ დღეებში ვაკვირდებით როგორ მწვავდება კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ამიტომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია, ჩვენს რეგიონში სიმშვიდის შენარჩუნება. ამ საკითხში თურქეთს თავისი განსაკუთრებული როლი აქვს, როგორც ქვეყანას, რომელიც ცდილობს, ამგვარი კონფლიქტების დროს შუამავლის როლი ითამაშოს. თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ეს მცდელობები, რა თქმა უნდა, დასაფასებელია. მეორე მხრივ, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას. შუა დერეფანი სულ უფრო მეტ და მეტ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ დატვირთვას იღებს და თურქეთ-საქართველო ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაწილი არიან შუა დერეფნისა. მნიშვნელოვანია, რომ როგორც საკანონმდებლო ჩარჩო იყოს ჰარმონიზებული და შეთანხმებული შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე გამოყენებული იქნას შუა დერეფნის მთლიანი პოტენციალი. ასევე ვისაუბრეთ რეგიონულ თანამშრომლობაზე, რათა რეგიონში მყოფ ქვეყნებს საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით პარლამენტების დონეზე კომუნიკაცია გვქონდეს. ამ მხრივ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში სამმხრივ ფორმატში, თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე შედგეს შეხვედრა. ეს ფორმატი, რომელიც ჩვენ 2 წლის წინ, როგორც იდეა ჩამოვაყალიბეთ ჩემ კოლეგებთან ერთად, თურქეთის და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად, ეს იდეა განვახორციელოთ და პირველი ასეთი შეხვედრა უკვე მიმდინარე წელს შედგეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0