
საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი C-130 ტიპის თვითმფრინავის კატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„11 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან C-130 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ჩვენი 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თურქეთის თავდაცვის უწყებამ აგრეთვე გამოაქვეყნა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სია.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი 11 ნოემბერს ჩამოვარდა.
მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების ჩათვლით 20 ადამიანი იმყოფებოდა.
0
0