09/11/2023
11:27
მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც თურქეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს, „უსამართლო და მიკერძოებულია“.
ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ „თურქეთმა დემოკრატიული სტანდარტების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით სერიოზული უკუსვლა განიცადა“.
„ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით უსაფუძვლო ბრალდებებს და უსამართლო კრიტიკას, კერძოდ პოლიტიკურ საკითხებზე, ისევე როგორც მართლმსაჯულების და ფუნდამენტური უფლებების სფეროში“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კომისიის ანგარიშში ასევე ნათქვამი იყო, რომ თურქეთი არ იცავს კანონის უზენაესობის პრინციპებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, როდესაც ტერორიზმს ებრძვის.
საპასუხოდ თურქეთის საგარეო უწყებაში თქვეს, რომ „ეს ბრალდებები ხაზს უსვამს ევროკავშირში დამკვიდრებულ ორმაგ სტანდარტებს, რადგან ფუნდამენტური უფლებების დაცვის სფეროში პრობლემები ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც აქვთ.
ცნობისთვის, თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, თუმცა პროცესი ამ დრომდე წინ არ წასულა.
0
0