
ჩვენ არ შეგვიძლია, შევეგუოთ ჩვენი გულშემატკივრის მიმართ მსგავს მოპყრობას, ეს უკიდურესად მიუღებელია, არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ფიდანმა აღნიშნა, თურქული მხარის მიზანი იყო სიტუაციის დეესკალაცია და უზრუნველყოფა, რომ თურქეთის არცერთი მოქალაქე არ ყოფილიყო დაკავებული ან დაშავებული და მათ საჭირო დახმარება მიეღოთ.
„ეს ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია. ეს არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დონეს. ჩვენ არ შეგვიძლია, შევეგუოთ ჩვენი მაყურებლების მიმართ მსგავს მოპყრობას. ვფიქრობ, მათ გაიგეს ჩვენი გზავნილები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე თვითმფრინავში ვიჯექი, როდესაც ეს სამწუხარო და მიუღებელი მოვლენები მოხდა. გუშინ ჩვენ ახალი დატოვებული გვქონდა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა. თვითმფრინავში ავედი ჩვენს ეროვნული თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად და პაკისტანში მივდიოდით. რა თქმა უნდა, ეს ინციდენტები მატჩის დროს მოხდა. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დავურეკე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ ასევე პირდაპირ კომუნიკაციაში ვიყავით ჩვენს ელჩთან და გენერალურ კონსულთან ადგილზე. ჩვენი მთავარი მიზანი იყო სიტუაციის დეესკალაცია და უზრუნველყოფა, რომ ჩვენი არცერთი მოქალაქე არ ყოფილიყო დაკავებული, დაშავებული და მიეღო საჭირო დახმარება. ამ მხრივ ყველა საჭირო ზომა მიღებული იყო. ამავდროულად, როგორც იცით, ჩვენი სხვა სამინისტროებიც ჩაერთნენ. ჩვენმა კოლეგებმა ინტენსიურად იმუშავეს. დღეს ჩვენმა შესაბამისმა კოლეგებმა გამოიძახეს საქართველოს ელჩი ანკარაში, გამართეს დისკუსიები და გასცეს საჭირო გაფრთხილებები“, – განაცხადა ფიდანმა.
ამასთან, ბათუმში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
„ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ მატჩი ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ. ეს გავითვალისწინეთ. მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, რისკები არსებობდა, ჩვენ ეს მეგობრული ჟესტი განვახორციელეთ სწორედ ჩვენი მჭიდრო მეგობრობის გათვალისწინებით, რაც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას – საქართველოსა და თურქეთს. მოხარული ვარ, რომ თურქი გულშემატკივრების უმრავლესობამ ეს ჩვენი შეთავაზება ძალიან ღირსეულად მიიღო და ისინი ჩამოვიდნენ ძალიან ღირსეულად ჩვენს ქვეყანაში. თუმცა იყო რამდენიმე ასეული გულშემატკივარი, რომელსაც გულშემატკივარსაც ვერ ვუწოდებდი, გამოირჩეოდნენ პროვოკაციული ქმედებებით. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩვენთვის. ასეთი ტიპის შეთავაზებას როდესაც უკეთებ გულშემატკივარს და ისინი ამას პასუხობდნენ არასწორი ქმედებებით, ეს არის ძალიან გულსატკენი და გულდასაწყვეტი. თუმცა, საბოლოოდ, პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ყველა პოლიციელს ამისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.
0
0
სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისაა
28/11/2026