
თურქეთის იუსტიციის მინისტრი ილმაზ თუნჯი სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს დაკავებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, თურქეთის რესპუბლიკა კანონის უზენაესობის სახელმწიფოა, არცერთ პირს ან ჯგუფს განსაკუთრებული პრივილეგიები არ ენიჭება.
„პირველი გამოძიება, რომელსაც ტერორისტული დანაშაულის გამოძიების ბიურო ატარებს, უკავშირდება ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობისა და წაქეზების ბრალდებებს. ამ გამოძიების ფარგლებში გაცემულია შვიდი პირის დაკავების ორდერი, მათ შორის სტამბოლის მერის. მეორე გამოძიება, რომელსაც ორგანიზებული დანაშაულის ბიურო ხელმძღვანელობს, ფოკუსირებულია ქრთამის აღებაზე, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე, ტენდერების გაყალბებაზე, პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვებასა და თაღლითობაზე ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. ამ გამოძიების ფარგლებში გაცემულია 100 ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი, მათ შორის სტამბოლის მერის. შესაბამისად, სულ გაცემულია დაკავების 106 ორდერი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თურქეთის რესპუბლიკა არის კანონის უზენაესობის სახელმწიფო. ჩვენი კონსტიტუციის მე-9 მუხლი ნათლად ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებენ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოები თურქი ხალხის სახელით. კანონის უზენაესობის პრინციპი ფუნდამენტურია. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არცერთ პირს ან ჯგუფს არ ენიჭება განსაკუთრებული პრივილეგიები“, – განაცხადა ილმაზ თუნჯიმ.
ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტამბოლის უნივერსიტეტმა მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ეკრემ იმამოღლუს დაკავების ფონზე სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა საზოგადოებრივი შეკრებები ოთხი დღით აკრძალა.
0
0
იმერეთში, 22- ე დღეა, დაკარგულ კაცს ეძებენ
19/03/2025