
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქართველ კოლეგას, მიხეილ ყაველაშვილს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს. სატელეფონო საუბარი ეხებოდა საქართველოში ჩამოვარდნილი ჩვენი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის შესახებ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და მიმდინარე გამოძიებას. პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის ქართველ კოლეგას მიმდინარე სამუშაოებში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ყაველაშვილმა პრეზიდენტ ერდოღანს სამძიმარი გამოუცხადა“, – წერს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, რომ თურქეთის „C-130“ ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა. სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით თურქეთმა საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებ გამოგზავნა.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნაპოვნია საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის შავი ყუთი.
0
0