-share.jpg)
თუ ხელისუფლება აყენებს საკითხს, მიშა თუ პუტინი, ჩვენ [ოპოზიციამ] რატომ უნდა დავაყენოთ ზუსტად ასევე საკითხი? მოდი, ჩვენ გავანეიტრალოთ მიშას საფრთხე, ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ არ ვემზადებით ერთპიროვნული მმართველობისთვის, - ასე მიმართა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.
მან კოლეგა ოპოზიციონერებს დისკუსიის გახსნისკენ მოუწოდა.
ამასთან, ხვიჩიამ „ქართულ ოცნებასაც“ მიმართა და თქვა, რომ გუშინ მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები „ერთი დიდი შეშინების მცდელობა“ იყო.
„რა მოვისმინეთ გუშინ, რა ვერსიაც შემოგვთავაზა „ქართულმა ოცნებამ“ იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ამ ქვეყანას ემუქრება და რომლისგან დამცველადაც, ვითომ თვითონ უნდა მოგვევლინოს „ქართული ოცნება“ - ქართველი ხალხისთვის ეს ეგზისტენციალური საფრთხეებია. თურმე - გეები შტურმზე გადმოვიდნენ, თურმე მასონები გვებრძვიან, თურმე „გლობალური ომის პარტია“ ბრძოლაში მიგვათრევს და თან რევოლუციას გვიწყობენ. ითქვა, რომ მიშა მოჰყავთ - ამათ ეს უნდათ. სინამდვილეში მე მგონია, რომ მიშა თქვენ მოგყავთ. მიშას მოსვლის ერთადერთი გზა საბოლოო ჯამში არის ის, თუ ასე დააყენებ საკითხს - პუტინი თუ მიშა; რუსეთი თუ მიშა. ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ქართველი ხალხი დაფიქრდება იმაზე, რომ ამას მიშა ჯობია. თქვენ ამას აკეთებთ შეგნებულად, თქვენი ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ. ყველაზე მეტად თქვენ რისკავთ მიშას დაბრუნებით და სწორედ ამით აშანტაჟებთ თქვენს ამომრჩეველს. თქვენი გუშინდელი გამოსვლა - ბიძინა ივანიშვილის და მანამდე აქ, „ქართული ოცნების“ ლიდერების, იყო ერთი დიდი შეშინების მცდელობა, საქართველოს მოსახლეობის, ამომრჩევლის. ადამიანებს, თქვენ რომ გუშინ მოიყვანეთ, თქვენ თვითონ აშინებდით. ერთადერთი, შიშის დანერგვაა ის, რაც შეგიძლიათ უთხრათ საკუთარ ამომრჩეველს. მეტი სათქმელი არაფერი დაგრჩათ." - თქვა ხვიჩიამ
0
0