
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ცნობილი ქართველი მეცნიერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს საინჟინრო, რუსეთის სამთო მეცნიერებათა და რუსეთის საინჟინრო აკადემიების ნამდვილი წევრს, ინფორმატიზაციის საერთაშორისო და ამერიკის საბუნებისმეტყველო აკადემიების წევრს, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, სტუ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლევან ჯაფარიძეს 90 წლის იუბილეს და სამეცნიერო, პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65-ე წლისთავს ულოცავს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
როგორც რექტორის მილოცვაშია აღნიშნული, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს პროფესორ ლევან ჯაფარიძის მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა, მისი მნიშვნელოვანი წვლილი ქართული საინჟინრო მეცნიერებისა და სამთო დარგის განვითარებასა და უმაღლესი განათლების სფეროში. რექტორი პროფესორ ლევან ჯაფარიძეს საიუბილეო თარიღს ულოცავს და ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.
„ბატონო ლევან,
გილოცავთ დაბადებიდან 90 წლის იუბილესა და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წლისთავს!
მეცნიერების უმთავრესი დანიშნულება ადამიანის, საზოგადოების და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი ინტელექტუალური საფუძვლის მომზადებაა. მეცნიერის ღვაწლი განსაკუთრებით ფასეულია მაშინ, როდესაც მისი კვლევები პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს და ქვეყნის ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და საზოგადოებრივ განვითარებას ემსახურება.
თქვენი მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობა სწორედ ამ პასუხისმგებლობის გააზრებისა და მეცნიერებისადმი ერთგულების მაგალითია. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო თქვენი წვლილი სამთო მეცნიერებისა და სამთო საქმის განვითარების მიმართულებით. ეს დარგი საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსები, სამთო-გეოლოგიური პოტენციალი და ამ რესურსების რაციონალური გამოყენება უშუალოდ უკავშირდება ეკონომიკურ განვითარებას, სამრეწველო შესაძლებლობებს, ტექნოლოგიურ პროგრესსა და ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს. ამ პოტენციალის სწორად შესწავლა, თანამედროვე სამეცნიერო მიდგომებით შეფასება და პასუხისმგებლიანი ათვისება მაღალკვალიფიციურ სამეცნიერო ცოდნასა და პროფესიულ გამოცდილებას მოითხოვს.
თქვენი საქმიანობა ამ მიმართულებით ქართული სამთო მეცნიერების განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ათწლეულების განმავლობაში თქვენი ცოდნა და გამოცდილება სამეცნიერო კვლევასთან ერთად პედაგოგიურ საქმიანობასაც დაუკავშირეთ და არაერთი თაობის პროფესიულ ჩამოყალიბებაში შეიტანეთ წვლილი.
ბატონო ლევან, თქვენი სამეცნიერო ავტორიტეტი, საერთაშორისო აღიარება და მრავალწლიანი საქმიანობა ქართული მეცნიერების მნიშვნელოვანი მონაპოვარია. მადლობას გიხდით იმ შრომისთვის, ცოდნისთვის და პროფესიული ერთგულებისთვის, რომლითაც ემსახურებით მეცნიერებასა და ქვეყანას.
მრავალჟამიერ თქვენ, ბატონო ლევან! გისურვებთ, დღევანდელი შემართებით, ენერგიითა და ცხოვრებისეული სიბრძნით კიდევ მრავალი წელი გაგეგრძელებინოთ საქმიანობა, თქვენი ცოდნა და გამოცდილება გაგეზიარებინოთ სამეცნიერო საზოგადოებისა და მომავალი თაობებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას“, – აღნიშნავს დავით გურგენიძე.
0
0