
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის - „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2022“ ფარგლებში, დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ცერემონიას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„წლევანდელ ღონისძიებაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ კატეგორიებში: ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი - ნინო მაჩაიძე (ოპერის მომღერალი, იტალია);
მეცნიერებაში შეტანილი წვლილი - ზურაბ გუგუჩია (შვეიცარია);
სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილი - თემურ ბაბლუანი (კინორეჟისორი, საფრანგეთი);
ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილი - სულხან იდოიძე (ესპანეთი) და სალომე გორგილაძე (პორტუგალია); წლის წარმატებული სპორტსმენი - გიორგი მამარდაშვილი (ესპანეთი);
სპეციალური პრიზი - კონსტანტინე ციციშვილი (პოლონეთი).
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნომინაცია „საქართველოს უცხოელი მეგობარი", რომელშიც ირალნდიისა და იაპონიის წარმომადგენლებმა - კინგლსი თომას აიკინსმა და ტაკიჰიდე ჰარადამ გაიმარჯვეს“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უცხოელმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მათთვის საქართველოსა და ქართული კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საგარეო უწყების განმარტებით, ღონისძიების მიზანია გამოავლინოს და წარმოაჩინოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები, რომლებმაც ქვეყნებში, სადაც იმყოფებიან პროფესიულ წარმატებას მიაღწიეს და ამასთან, წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებასა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციაში.
გამარჯვებულ ნომინანტებს გადაეცემათ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის - ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის, მოოქროვილი ფირფიტის ასლი.
0
0