23/03/2023
14:05
პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ტყვე უწოდა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის საკითხის მოგვარების გარეშე, 12 პუნქტის შესრულების შემთხვევაშიც კი, საქართველო ევროკავშირის სტატუსს ვერ მიიღებს.
"ზოგადად, გუბაზ სანიკიძე არის "ევროპის სახე" საქართველოში თავისი ყველაფრით: თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი, თავისი მომავლით - ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება სააკაშვილის და ევროპული მომავლის ერთმანეთთან დაკავშირებას: პირდაპირ შემიძლია გითხართ, რომ სააკაშვილი არის ზუსტად ის პიროვნება, რომელიც ყველაფერ ანტი-ევროპულს განასახიერებს," - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, საქართველოში ყველაზე არაევროპული რეჟიმი იყო დამყარებული, შესაბამისად, მესამე პრეზიდენტის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირება მიუღებელია.
"როცა ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, ყველაზე არაევროპული რეჟიმი მაშინ იყო დამკვიდრებული თავისი ადამიანის უფლებების შელახვით, რუსეთის გავლენის გაფართოებით ჩვენს ქვეყანაში, ბიზნესის რეკეტით და ა.შ. აქედან გამომდინარე, თუკი რაიმე არის საქართველოში ანტიევროპული, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, ეს არის გუბაზ სანიკიძე, ეს არის "ნაცმოძრაობა". შესაბამისად, სააკაშვილის დაკავშირება ევროინტეგრაციასთან არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0