31/08/2023
17:12
პოლიტიკა
კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით გამოთქმულ კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა პრეზიდენტის ეს ქმედება იმ შემთხვევაში იქნება კონსტიტუციის დარღვევა, თუკი მან სახელმწიფოს სახელით ისაუბრა და არა პირადი ინიციატივით.
„თუ პრეზიდენტმა იქ თქვა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების პოზიციას გამოხატავს - ეს არ იქნება სწორი, ეს იქნება დარღვევა, მაგრამ თუკი პრეზიდენტმა გამოხატა მხოლოდ თავისი პოზიცია და ეს გამოჩნდა ამ შეხვედრის შინაარსიდან მაშინ, ჩემი აზრით, ეს არ იქნება კონსტიტუციის დარღვევა“, - აღნიშნა ხმალაძემ სატელევიზიო ინტერვიუს დროს.
კონსტიტუციონალისტმა 52-ე მუხლი შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. მისის განმარტებით, როდესაც პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობების განხორციელებისას მთავრობის თანხმობით მოქმედებს, ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ ასეთ შეხვედრაზე, კონფერენციაზე, თუ საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ გამართულ რაიმე ფორუმზე, პრეზიდენტი შეთანხმებულია მთავრობასთან ყველა იმ საკითხების შესახებ, რომლებზეც პრეზიდენტი ისაუბრებს.
„ანუ პრეზიდენტი გამოხატავს, როგორც თავის, ისე მთავრობის პოზიციას. ამ დროს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას იმ საკითხებზე, რაზეც საუბრობს. თუ პრეზიდენტს არ აქვს ასეთი თანხმობა მთავრობისაგან, მაშინ ის აღარ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას“, - აღნიშნა ხმალაძემ.
კითხვაზე აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება გამართოს შეხვედრები და ამ შეხვედრებზე გამოხატოს თავისი პოზიცია? - ხმალაძის აზრით აქვს.
„პრეზიდენტისთვის არავის და არაფერს აუკრძალავს ის, რომ მან საჯაროდ გამოხატოს თავისი პოზიცია ნებისმიერ საკითხზე - მემგონი ეს არის უდავო. პრეზიდენტმა შეიძლება გამართოს პრესკონფერენცია, შეიძლება მისცეს ინტერვიუ, ის შეიძლება გამოვიდეს ტელევიზიით, დაწეროს პრესაში, შეაფასოს ნებისმიერი საკითხი - მას ამის უფლება აქვს.
თუ ამის უფლება აქვს პრეზიდენტს, მაშინ ლოგიკურად თავისი აზრის გამოხატვის უფლება უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პირთან შეხვედრის დროს, ოღონდ ეს იქნება მისი პირადი აზრის გამოხატვა. ის ამ დროს არ წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების პოზიციას“, - თქვა ვახტანგ ხმალაძემ.
ამას კი მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს, რადგან მხოლოდ მას აქვს სამართლებრივი ექსპერტიზის უფლება, მაგრამ ამასთან აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ თემაზე ვერ იმსჯელებს მანამ, სანამ პარლამენტში პრეზიდენტის, ან პრემიერის იმპიჩმენტის პროცესი არ დაიწყება.
0
0