
,,ბანდის ყოფილ ლიდერს დუენ "ქიფი დი" დევისს, რომელიც ეჭვმიტანილია ამერიკელი რეპერის თუფაქ შაკურის მკვლელობაში, ივნისში გასამართ სასამართლო პროცესამდე შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს,’’ - განაცხადა კლარკის ოლქის სასამართლომ.
„მოსამართლე კარლი კიერნის განცხადებით, სასამართლომ დუენ "ქიფი დი" დევისისთვის $750000-ის ოდენობით გირაო დააწესა. სასამართლოს მიერ დანიშნული ადვოკატების მტკიცებით, დევისი უნდა გათავისუფლდეს, რადგან ის ხანდაზმული ბაბუაა და, ასევე არანაირი მტკიცებულება არ მიუთითებს იმაზე, რომ ის სასამართლო პროცესამდე გაიქცევა. გარდა ამისა, კიბოსთან ბრძოლის შემდეგ დევისის ჯანმრთელობა გაუარესდა,“ - იუწყება საინფორმაციო გამოცემა KLEW-ი. ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ დევისისთვის გირაოს თანხა $100 000-ით განისაზღვროს.
პროკურორების განცხადებით, დევისი, როგორც ბანდის ყოფილი ლიდერი, საფრთხეს უქმნის საზოგადოებას.
,,მიუხედავად იმისა, რომ დევისს გაქცევა არ უცდია, გირაოს დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე მისმა ბანდის ხანგრძლივმა ლიდერობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ბევრ ადამიანს მისი ჯერ კიდევ ეშინია", - თქვა მოსამართლე კიერნიმ.
60 წლის დევისს რეპერის მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალი 2023 წლის სექტემბერში წაუყენეს. მას ბრალად ედება, კაზინოში თუფაქ შაკურთან მომხდარი ჩხუბის შემდეგ, 1996 წლის 7 სექტემბერს, თავის ძმისშვილთან, ორლანდო ანდერსონთან ერთად, სროლის დაგეგმვა. ის ბრალს არ აღიარებს.
ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს კადრები, სადაც ჩანს, რომ ანდერსონს რამდენიმე მამაკაცი ურტყამს. მათი მტკიცებით, საბოლოოდ, შელაპარაკებამ გამოიწვია შაკურისთვის შურისძიების მიზნით სროლა, როცა ის საკუთარ მანქანაში იმყოფებოდა. ჰიპ-ჰოპის ლეგენდა [სასცენო სახელი 2pac-ი] რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ დევისმა იარაღი თანამზრახველისგან (ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის) მიიღო. დევისმა მედიის საშუალებით აღიარა, რომ ის იმყოფებოდა მანქანაში, საიდანაც გასროლა მოხდა. სამივე მამაკაცი, რომლებიც სროლის დროს დევისთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა, დაიღუპა.
დევისი რეპერის მკვლელობიდან 27 წლის შემდეგ დააპატიმრეს, როდესაც პოლიციამ მისი სახლი გაჩხრიკა და სროლასთან დაკავშირებული მასალები აღმოაჩინა.
0
0