
ცვლილება ღია კენჭისყრასთან დაკავშირებით და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ვერ დაუკავშირდება ერთმანეთს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ცვლილება ღია კენჭისყრასთან დაკავშირებით და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ვერ დაუკავშირდება ერთმანეთს. ეს ცვლილებები, ყველაზე კარგ შემთხვევაში ძალაში შევა ნოემბრის ბოლოს, ხოლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესაძლო კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს ოქტომბრის ბოლოსთვის. მთავარი იყო საკონსტიტუციო წესრიგი და უფლებამოსილების განსაზღვრის სწორად და ბოლომდე შესრულება. თუ ჩვენ ამ ნაბიჯს [პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი] არ გადავდგამდით, საქართველოში შესაძლოა არაკონსტიტუციური ორხელისუფლებიანობა წარმოქმნილიყო. იქნება თუ არა 100 ხმა, ეს არ არის „ქართული ოცნების“ თვითმიზანი, ამასთან დაკავშირებით არანაირ სპეკულაციას და ვაჭრობას არ ვეწევით“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მოხდება. შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის. ახალი ცვლილებებით, ღია კენჭისყრის წესი, მათ შორის, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზეც გავრცელდება.
0
0