28/12/2022
15:55
პოლიტიკა
კახა კალაძე, რომელიც წლიური ანგარიშით წარსდგა, საკრებულოს წევრების კითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც თბილისის მერს ოპოზიციონერმა წევრებმა დაუსვეს, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხება.
ამ თემასთან დაკავშირებით კითხვა მას თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ ანა გოგოლაძემ დაუსვა - თუ სად ხედავს კახა კალაძე თავის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
"პროცესის მონაწილე ყველა სუბიექტმა დაუშვა შეცდომა და მიზანმიმართული დანაშაული. სად ხედავთ თქვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და რა გააკეთეთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები და შეცდომები გამოირიცხოს," - მიმართა კახა კალაძეს ანა გოგოლაძემ.
თბილისის მერმა ამ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კითხვის დასმის დროს დეპუტატმა გადამეტებული შეფასება გამოიყენა და მიზანმიმართულ დანაშაულზე საუბარი ძალიან მძიმე ბრალდებაა. როგორც კახა კალაძემ თქვა, თუ ოდნავ მაინც რაიმე გადაცდომა იქნება მისი მხრიდან, მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს.
"ცოტა გადამეტებით მოგდით შეფასება. მიზანმიმართული დანაშაული, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა. მე ვფიქრობ, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, ამიტომ, ალბათ უკეთესი იქნება ცოტა შეარჩიოთ სიტყვები, შინაარსი. სისტემური დანაშაული მე გეტყვით რა იყო. სისტემური დანაშაული იყო რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა 2012 წლამდე. თქვენ, "ნაციონალურ მოძრაობას" არ გაქვთ არანაირი მორალური უფლება, ისაუბროთ ამ ყველაფერზე. რაც შეეხება იმ უმძიმეს ტრაგედიას, ვინც მიცნობს, ძალიან კარგად ხვდება რასაც ვამბობ, თუკი ოდნავ მაინც რაიმე გადაცდომა იქნება ჩემი მხრიდან, მე მზად ვარ ავიღო ეს პასუხისმგებლობა," - აცხადებს კახა კალაძე.
თბილისის მერს კითხვა დაუსვეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებას ეხება. საუბარია განცხადებაზე, რა დროსაც კახა კალაძემ თქვა, რომ "თუ სალომე ზურაბიშვილი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს იქნება ძალიან მძიმე მისთვის და მისი კარიერისთვის."
კითხვა ეკუთვნოდა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ლილე ლიპარტელიანს.
"რატომ იქნება სალომე ზურაბიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში მძიმე ნაბიჯი მისი კარიერისთვის? პრეზიდენტის, რომელმაც ქვეყანა სახელმწიფოდ აქცია, ბატონო კახი. თქვენ სიტყვებს შეგახსენებთ, რომ თუ რა გაკეთდა და არ დაინახო, დაუნახავი იქნებიო და დაუნახავი ხართ ბატონო კახი?“ – მიმართა ლილე ლიპარტელიანმა თბილისის მერს.
კახა კალაძემ ამ კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები მიუღებელია.
"როდესაც ჩვენ ე.წ. მეგობრები მოგვიწოდებენ აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, აბსოლუტურად კონსტიტუციის წინააღმდეგ ქმედებებს, რომ გაათავისუფლეთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე, რა თქმა უნდა, ეს განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია. აქ შინაარსობრივად საუბარია იმაზე, რომ თუ თქვენ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ მოგცემთ თქვენ კანდიდატის სტატუსს. ახლა მე გეკითხებით თქვენ, ეს ნორმალურია," - აცხადებს კახა კალაძე.
0
0