
"ვეხმარებით რეჟიმს, ვთამაშობთ მათ თამაშს და მათი წესებით" - ასე ეხმაურება კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე გენერლების ზაზა გოგავასა და მამუკა ყურაშვილის მისვლას.
"არალეგიტიმურ პარლამენტში, ოკუპანტი ქვეყნისათვის საჭირო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გამართულ კომისიაზე, არცერთ ნათქვამ ფრაზას არ აქვს ფასი.
აქ კონტექსტი განსაზღვრავს ყველაფერს, თუ მონაწილეობ ე.ი. ეხმარები - ესაა მოცემულობა, არ არსებობს მაგრამ...
ამ ფარსში მონაწილეობა არმონაწილეობაზე თუ ვერ ვთანხმდებით, რაზე უნდა შევთანხმდეთ და როგორ.
მოქალაქეებს ვთხოვთ რეჟიმთან ართანამშრომლობას და წინააღმდეგობას ყველა ნაბიჯზე და ვუშვებთ თანამშრომლობის გამონაკლისებს, რომელიც დღეს გენერლებმა დაუშვეს და ხვალ შეიძლება სხვა კონტექსტში სხვამ დაუშვას - ვეხმარებით რეჟიმს, ვთამაშობთ მათ თამაშს და მათი წესებით". - წერს მელია.
ამ წუთებში წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიის შეკითხვებს წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ 2008 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი ზაზა გოგავა პასუხობს. დღესვეა დაგეგმილი 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსის, გენერალ მამუკა ყურაშვილის კომისიაზე მისვლაც.
დღეს, 27 მარტს, ენმ-მ გაავრცელა განცხადება, რომ გოგავამ და ყურაშვილმა პარტია დატოვეს.
"2025 წლის 18 თებერვალს გამართულ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე გენერალმა გოგავამ და გენერალმა ყურაშვილმა გაგვაცნეს მათი საერთო გადაწყვეტილება, რომ თავს ვალდებულად თვლიან ქართული სახელმწიფოს და ომში დაღუპული გმირების ოჯახებისა და ხსოვნის წინაშე, 2008 წლის ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში" - წერია ენმ-ს განცხადებაში.
0
0