
რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე რიჩარდ ნორლანდის შესაძლო დანიშვნაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
მისივე თქმით, რიჩარდ ნორლანდი საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განმავლობაში ყველაზე ადეკვატური დიპლომატი იყო.
ექსპერტი თვლის, რომ თუ აქამდე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კიევში, წყვეტდა გარკვეულ საკითხებს, მალე მას ამ ფუნქციას რუსეთში აშშ-ს ელჩი ჩაანაცვლებს.
„უკვე გაჟღერდა ინფორმაცია მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის რიჩარდ ნორლანდის შესაძლო წარდგენის შესახებ. იგი არის ერთ-ერთი წარმატებული დიპლომატი, რომელიც საქართველოში 2015-2018 წლებში მუშაობდა. საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განმავლობაში სწორედ ის იყო ყველაზე ადეკვატური დიპლომატი და პოლიტიკოსი.
თუ პოსტსაბჭოურ სივრცეში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კიევში თამაშობდა პირველი ვიოლინოს როლს, რადგან სწორედ ის კარნახობდა მთელ მიმართულებებზე დღის წესრიგს, ბაქოს, თბილისს, სომხეთს და სხვა, დღეს, როგორც ჩანს ეს არაოფიციალური ცენტრი გადაინაცვლებს მოსკოვში.
როგორც ჩანს, თბილისშიც უნდა ველოდოთ ელჩის პოზიციაზე ისეთი ადამიანის დანიშვნას, რომლის კანდიდატურასაც შეუთანხმებენ რიჩარდ ნორლანდს.
მომავალ დიპლომატთან ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო იქნება იმ კონტექსტში, რაც უკვე განაცხადა ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელობამ, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირთან და ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის. დღევანდელი საელჩოს სტაფის პირობებში კი ეს ფაქტობრივად წარმოუდგენელია. დაველოდოთ, ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება ამ კუთხითაც.
ჩვენ მოწყურებულები ვართ ამერიკელ პარტნიორებთან საერთო ენაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებაზე,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
0
0