13/11/2024
22:55
პოლიტიკა
თუ შედეგი შეჯამებული არ არის, თუ არ ხარ ცნობილი არჩეულად, როგორ შეიძლება, სიების ჩახსნაზე მიმართო. არჩეული გახდები მხოლოდ მას შემდეგ, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია ცნობს შენს უფლებამოსილებას , - ამის შესახებ მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა კახი კახიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
კახიშვილის თქმით, არც ერთ კანონში არ წერია, რომ ოპოზიციამ უნდა ცნოს არჩევნები ლეგიტიმურად ან არალეგიტიმურად.
მისი განმარტებით, ეს უფლებამოსილება მხოლოდ ცესკოს გააჩნია.
“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ლეგიტიმაციაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმაციის ცნობას ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ახდენს, იმიტომ, რომ მანამდე მხარეებს აქვთ უფლება, გაასაჩივრონ საუბნო საოლქო კომისიის გადაწყვეტილებები და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებები ინსტანციურად, რათა შემდეგში ყველა ამ არგუმენტის შეჯამებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ან ცნოს არჩევნების ლეგიტიმაცია, ან არ ცნოს. არსად კანონში არ წერია, რომ ოპოზიციამ უნდა ცნოს თუ არ უნდა ცნოს არჩევნების ლეგიტიმაცია.
სიების ჩახსნასთან დაკავშირებით, სიმართლე რომ გითხრათ, კონსტიტუცია არის ძირითადი დოკუმენტი, სადაც წერია პოსტულატები, რა როგორ უნდა იყოს. შემდეგში, ამავე კონსტიტუციაში წერია დეტალები, სპეციალურად არის შექმნილი კანონები, რომლებიც არეგულირებენ თითო მუხლს, რომლებიც კონსტიტუციაში წერია დეტალებში. სხვა შემთხვევაში, ჩვენ აღარ დაგვჭირდებოდა სხვა კანონები, მაგალითად საარჩევნო კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი და ა.შ. მაშინ ერთი კონსტიტუცია გვექნებოდა და ერთი კონსტიტუციით ვიმსჯელებდით, როგორ წერია იქ.
დღეს რომ საუბრობენ სიიდან ჩახსნაზე, ჯერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საერთოდ არ შეუჯამებია შედეგები. თუ შედეგი შეჯამებული არ არის, თუ არ ხარ ცნობილი არჩეულად, როგორ შეიძლება, სიების ჩახსნაზე მიმართო. არჩეული გახდები მხოლოდ მას შემდეგ, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია ცნობს შენს უფლებამოსილებას”, - განაცხადა კახიშვილმა.
როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი აუცილებლად შევა პარლამენტში. მისი თქმით, ოპოზიციაში ყველა არ არის ბოიკოტის მომხრე.
“მე ვერ შევალ კონსპირაციულ თეორიებში, ვერ ვისაუბრებ, ვინ ვის რა დაუკვეთა, რომ მქონოდა საფუძველი ვიტყოდი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მე ამას ვერ დავადასტურებ, არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ პარლამენტში არავინ შევიდეს, ან შევიდნენ, მერე გამოვიდნენ და შექმნან სურათი, რომ “ქართული ოცნება” მარტოა. არიან ადამიანები, რომლებიც უფრო გაგებით ეკიდებიან სიტუაციას და მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ ამომრჩეველს და ფიქრობენ, რომ ის უფლებამოსილება, რომლის მანდატიც მხარდამჭერებმა მისცეს, უნდა გამოიყენონ საპარლამენტო ტრიბუნაზე, რათა მეტ-ნაკლებად გაიტანონ ის პოლიტიკა, რისი წარმდგენებიც იყვნენ და რისი დაკვეთაც მოსახლეობისგან მიიღეს.
მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის რაღაც ნაწილი აუცილებლად შევა პარლამენტში, ეს იქნება ერთი წლის მერე თუ როდის იქნება, ამას ვერ ვიტყვი, თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც ნაწილი აუცილებლად შევა იმიტომ, რომ ყველა ერთ აზრზე არ არის, რომ მაინც და მაინც ბოიკოტის რეჟიმში იყოს”, - განაცხადა კახიშვილმა.
0
0