10/01/2025
14:44
პოლიტიკა
სია, რომელიც აშშ-ის კონგრესმა ამერიკის მთავრობას გადასცა, ადასტურებს, რომ აშშ კიდევ უფრო აფართოებს სასანქციო პოლიტიკას - თუ ამერიკა ამ ადამიანებს დაასანქცირებს, ეროვნული ბანკი სრულიად პარალიზებული იქნება და ნათია თურნავას გადადგომა მომენტალურად მოუწევს, სანქციები სხვა მიმართულებით წავა და ეს უმძიმეს შედეგებს გამოიღებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სია, სადაც „ბიძინა ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელის“ წარმომადგენლებზეა საუბარი, ივანიშვილისთვის კიდევ ერთი გაფრთხილებაა, რომ სანქციები გაფართოვდება და საბოლოოდ, კაპიტულაცია მოუწევს.
„სია, რომელიც აშშ-ის კონგრესმა გადასცა ამერიკის მთავრობას, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აშშ კიდევ უფრო აღრმავებს და აფართოებს სასანქციო პოლიტიკას საქართველოს პრორუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. მასში ორი მნიშვნელოვანი სიახლეა: ერთი ის, რომ ამ ხელისუფლების კლანის გამაძლიერებელი ბიზნესი და მათი წარმომადგენლები მოხვდნენ უკვე ამ სიაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ასაზრდოებენ ამ რეჟიმს, ეხმარებიან რუსული გავლენის გაძლიერებას ქვეყანაში და ამავე დროს, თავად საზრდოობენ ბიუჯეტიდან და ბიძინა ივანიშვილის ხელიდან.
მეორე კი ის არის, რომ ამ სიაში მოხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ამერიკა ამ ადამიანებს დაასანქცირებს, ეროვნული ბანკი სრულიად პარალიზებული იქნება. მომენტალურად მოუწევს ნათია თურნავას გადადგომა. ამ შემთხვევაში სანქციები აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წავა და ბუნებრივია, ეს გამოიღებს უმძიმეს შედეგებს. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილი გონს უნდა მოეგოს, სანამ ყველაფერი არ ჩამოშლილა და ჩამონგრეულა. მაინც მოუწევს არჩევნების დანიშვნა და ეს დროზე გააკეთოს.
რაც შეეხება იმას, თუ როდის შეიძლება, რომ ეს ადამიანები დასანქცირდნენ, ეს არის გამაფრთხილებელი [სია], დასასანქცირებელ პირთა კანდიდატები არიან. ამ სიაში ივანიშვილის მეუღლეა. მისი დასანქცირება თუ უნდოდათ, აქამდე გააკეთებდნენ. მეუღლის დასანქცირება სერიოზულ პრობლემას შექმნის, მაგრამ ეს წვრილმანია იმასთან შედარებით, ვიდრე რომელიმე შვილის დასანქცირება. მაგალითად, საკმარისია სანქციების სიაში ჩაწერო უტა ივანიშვილი და დასრულებულია ყველაფერი. ის არის ერთადერთი დამფუძნებელი „ქართუ ფონდის“. „ქართუ ფონდი“ კი ფლობს ყველაფერს - ოფშორებიდან დაწყებული, დამთავრებული ყველა ბიზნესით, მათ შორის „ქართუ ბანკით“ და ა.შ.
ამიტომ ეს [სია] არის კიდევ ერთი გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის, რომ ეს გაფართოვდება და საბოლოოდ, მოუწევს კაპიტულაცია. ჩათრევას ჩაყოლა ჯობია - დროზე თუ მიიღებს გადაწყვეტილებას და დაინიშნება არჩევნები, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა გადარჩება უმძიმეს კრიზისს. ამ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის გონივრული გადაწყვეტილება, რაც არჩევნებით უნდა დამთავრდეს“,- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ამავე წერილში, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.
გამოცემის თანახმად, სიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, არიან: „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“: ეკატერინა ხვედელიძე - ბიძინა ივანიშვილის ცოლი; ალეკო ივანიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ძმა; უჩა მამაცაშვილი - ივანიშვილის დეიდაშვილი; შმაგი კობახიძე - ივანიშვილის დისშვილი. სიაში მოხსენიებულია, როგორც „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრი“.
„ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები: ნათია თურნავა - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი; კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე; თორნიკე რიჟვაძე - აჭარის მთავრობის მეთაური; გრიგოლ ლილუაშვილი - სუს-ის უფროსი; ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გახდა აშშ-ის მიერ „მაგნიტსკის სანქციების“ დაწესების შემდეგ; კახა კალაძე - თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე - წერილში მოხსენიებულია, როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“; ასევე, ლაშა ნაცვლიშვილი - მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“; ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, სამეურვეო საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. სიაში მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“.
„კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან: ირაკლი რუხაძე - „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე); სოსო ფხაკაძე - „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი; ხვიჩა მაქაცარია - „სელფის“ (ყოფილი „ბილაინის“) მფლობელი; მისი დაფუძნებული CBS ჯგუფი საქართველოში აერთიანებს კომპანიებსა და აქტივებს კომპანიებში “თელმიკო”, “თბილისი ენერჯი”, “საქართველოს ლატარიის კომპანია” და ა.შ. ირაკლი გილაური - „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი; ვანო ჩხარტიშვილი - „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი; სულხან პაპაშვილი; გიორგი კაპანაძე („რიჟა“), რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ წილების ნაწილს ფლობს და დე ფაქტო განკარგავს; ილია წულაია - „არქის“ დამფუძნებელი; ნოშრევან ნამორაძე - „ვიარ ჰოლდინგის“ [VR Holding], „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“, „კრწანისი როიალ რეზიდენსის“, „კრწანისი ვილა რეზიდენსის“, „თაბორი ფორესთ-პარკ რესორტის“ და სხვა კომპანიების მფლობელი; ვიქტორ ჯაფარიძე - „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი. მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე; ლევან მურუსიძე.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, წერილში მოთხოვნილია ამ პირების დასანქცირება.
0
0