03/05/2023
19:00
საზოგადოება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის (Centre universitaire d'enseignement du journalisme - CUEJ) 38 სტუდენტი და 10 პროფესორი ეწვია.
შეხვედრას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა, პროექტის მონაწილე უცხოელი და ქართველი სტუდენტები და პროფესორები ესწრებოდნენ.
სამი კვირის განმავლობაში თსუ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნკაციის მიმართულების სტუდენტები უცხოელ კოლეგებთან ერთად წერილობით და აუდიოვიზუალურ არაერთ ჟურნალისტურ მასალას ერთობლივად მოამზადებენ. საქართველოს შესახებ რეპორტაჟების მომზადება, თარგმნა, ვორქშოფები - ეს იმ აქტივობების მოკლე ჩამონათვალია, რომელშიც თსუ სტუდენტები ფრანგ თანატოლებთან ერთად პროექტის ფარგლებში ჩაერთვებიან.
„ის უნარები, რომელსაც ჩვენი სტუდენტები ამ პროექტის განმავლობაში შეიძენენ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი პროფესიული ზრდისთვის. 3 კვირა არ არის ცოტა დრო იმისთვის, რომ დააკვირდნენ, შეისწავლონ, მასტერკლასებს დაესწრონ და გარკვეული უნარები შეიძინონ ან გაიუმჯობესონ“,- აღნიშნა თსუ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა მანანა შამილიშვილმა.
ფრანგულ-ქართული ჯგუფები, რომლებიც სტუდენტებით იქნება დაკომპლექტებული, შედეგების ამსახველ ერთობლივ კრებულს შექმნიან, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მომზადებულ სიუჟეტებს მოიცავს. ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მათ მიერ მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტი ფრანგული ტელევიზიით გააშუქონ.
პროექტის მონაწილე თსუ ჟურნალისტიკისა და მასორივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტის თამთა ძველაიას თქმით, პროექტის ყველა მონაწილეს აქვს მოლოდინი, რომ თსუ-სა და სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლას შორის თანამშრომლობა იქნება ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.
„ძალიან გვიხარია, რომ ვიმყოფებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს იქნება ახალი ხალხის გაცნობის და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა“ - განაცხადა სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის სტუდენტმა ემილი აუსტინმა.
0
0