
რუსები სულ უფრო ხშირად ჩამოდიან საქართველოში მართვის მოწმობის ასაღებად, რომ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ რუსულით ჩაანაცვლონ, რადგან ქართული მოწმობის აღება, რუსულთან შედარებით, უფრო მარტივი და იაფია.
ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ Autonews-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ამ გზით რუსები გვერდს უვლიან რუსეთის სახელმწიფო ავტოინსპექციას, ანუ „გაის,“ რომლის ფორმულითაც მათ გამოცდების ჩაბარება უჭირთ და რაც ზოგჯერ წლობითაც გრძელდება. კერძოდ, სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გამოცდის ხელახლა ჩაბარება შესაძლებელია ბოლო ტესტიდან არანაკლებ ექვსი და არა უგვიანეს ცხრა თვისა.
ამდენად, რუსები იმ კანონის დებულებებს იყენებენ, რომელიც უცხოური მართვის მოწმობების რუსულით სავალდებულო ჩანაცვლებას ითვალისწინებს. კერძოდ, 2024 წლის 1-ლი აპრილიდან კანონი როგორც რუსებს, ასევე, სხვა ქვეყნების მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, უცხოური მართვის მოწმობები რუსულით შეცვალონ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს თეორიის გამოცდის ხელახალი ჩაბარების გარეშე ხდება. მაგალითად, ბელარუსს არც ერთი ტესტის ჩაბარება და არც ენის შეცვლა არ სჭირდება, ხოლო ვენის კონვენციაზე რუსეთთან ერთად ხელმომწერი ქვეყნების მართვის მოწმობის რუსულით ჩანაცვლება მხოლოდ თეორიის ჩაბარებით არის შესაძლებელი.
„სწორედ ამიტომ საქართველოში სულ უფრო ბევრი რუსი ჩადის, სადაც თეორიასა და მართვის პრაქტიკაში გამოცდის ჩაბარება ავტოსკოლაში სიარულის გარეშე, თვითმომზადებით, ფაქტობრივად, საათნახევარში არის შესაძლებელი. ეს ყველაფერი, დაახლოებით, 100 დოლარი ჯდება,“ - წერს „კომერსანტი.“
გამოცემის გამოთვლით, ამ ღირებულებისა და ორმხრივი ავიაბილეთის ფასის გათვალისწინებითაც კი, საქართველოში მართვის მოწმობის აღება, რუსეთთან შედარებით, იაფია.
„რუსეთში ჯერ ავტოსკოლაში უნდა იარო და მხოლოდ ამის შედეგ მიდიხარ „გაიში“ გამოცდის ჩასაბარებლად, ამიტომ ხალხმა ქართული მართვის მოწმობების აღება დაიწყო და შინ დაბრუნებულებს მხოლოდ თეორიის გამოცდის ხელახლა ჩაბარება უწევთ, რომ რუსული მოწმობით ჩაანაცვლონ. თეორიის ჩაბარება უფრო ადვილია. ასე რომ, ეს სქემა კარგად მუშაობს და ყველაფერი აბსოლუტურად კანონიერია,“ - წერს გამოცემა.
რუსები ანალოგური მიზნით ყირგიზეთსა და ბელარუსშიც ჩადიან, თუმცა, „კომერსანტის“ შეფასებით, საქართველოში მართვის მოწმობის აღება ყველაზე ადვილია.
რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, საქართველოს შსს-ს მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის ფედერაციის 128 მოქალაქემ აიღო, 2023 წელს კი 99-მა მოქალაქემ.
0
0