
„დასჯით და შეზღუდვით ჯერ მსოფლიოში არავის არაფრისთვის არ მიუღწევია“, - ასე ეხმაურება „ლელოს“ წევრი და ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს.
როგორც სურგულაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ინიცირებული ცვლილებები არა ნარკოპოლიტიკა, არამედ ახალი სადამსჯელო სანქციების შემოღებაა.
მისი თქმით, დაანონსებული ცვლილებები ქვეყანაში ნარკომანიის კუთხით არსებულ პრობლემას ვერ გადაჭრის.
„ეს ვითომდა გამკაცრება არ არის ნარკოპოლიტიკა, ეს არის ახალი სადამსჯელო სანქციების შემოღება. ვითომ პოლიტიკას რომ ეძახიან, ამას საერთოდ არ ექნება შედეგი, პირიქით, შეიძლება გაუარესდეს არსებული მდგომარეობა. რამდენიც არ უნდა გაზარდონ სასჯელი (უვადოც რომ მიუსაჯონ) თუ მოსახლეობას არ ესმის რა უნდა გაკეთდეს, ვერ მოვერევით პრობლემას.
რეალურად ნარკოპოლიტიკა მოიცავს იმას, რომ ადამიანმა იცოდეს რა არის ნარკომანია, რა მოსდევს მას, როგორ აიცილოს თავიდან და თუ მაინც დაემართა ეს მანკიერება, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი, რომ დროულად მიიღოს ფსიქოლოგიური თუ სამედიცინო დახმარება“, - აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი.
სურგულაძის თქმით, წელიწადში 20 ათასზე მეტი ნარკოდამოკიდებულ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა-რეაბილიტაცია, მაგრამ ბიუჯეტი მხოლოდ 3 ათას ადამიანზეა გაწერილი. ამ ფონზე საინტერესოა, როგორ აპირებს მმართველი პარტია ფინანსების მობილიზებას.
„მთელ მსოფლიოს მიაჩნია, რომ ნარკომანია არ არის დანაშაული, ეს არის ავადმყოფობა. ქვეყანაში 20 ათას პაციენტს სჭირდება ყოველ წელს რომ გაიაროს შესაბამისი მკურნალობა, ამ დროს ბიუჯეტი მხოლოდ 3 ათას პაციენტზეა გათვლილი. მეტადონის პროგრამა, რომელიც საქართველოში ჯერ-ჯერობით მოქმედებს, ცუდი არ არის, მაგრამ მხოლოდ ეს პროგრამა არაფერს უშველის.
არ ვიცი საიდან მოიტანენ ფინანსურ ნაწილს, მაგრამ მეორეა, რა ხარისხის მკურნალობას გაუწევენ ამ ადამიანებს. იმ 3 ათასსაც რასაც ვეხმარებით, არ არის ის, რაც 21-ე საუკუნეს შეესაბამება. გარდა იმისა, რომ ჩავუტარებთ მკურნალობასა და დეზინტოქსიკაციას, შემდეგ ფსიქოლოგიური დახმარება, რესოციალიზაცია და საზოგადოებაში დაბრუნება სჭირდებათ ამ ადამიანებს“, - ამბობს ვატო სურგულაძე.
გარდა ფინანსური ნაწილისა, მკურნალობა მოითხოვს სათანადო ინფრასტრუქტურის არსებობასაც. სურგულაძის თქმით, ნარკოდამოკიდებული პირების მკურნალობისთვის მთელი სისტემის შექმნა და ორგანიზებაა საჭირო, რაც ამჟამად არ არის.
„საშინელი მდგომარეობაა [ინფრასტრუქტურის კუთხით], ძალიან ხშირად მეტადონის პროგრამისთვის შენობები არის ქალაქის ცენტრში. მეტადონის პროგრამის იდეა ცუდი არ არის, მაგრამ ამას მთელი სისტემის შექმნა უნდა და არა მხოლოდ ის, რომ მოვიდა, გავეცით და წავიდა - გამოაქვთ ბამბით, მერე წურავენ... კატასტროფული შედეგები მოსდევს. ინფრასტრუქტურა სჭირდება ამას, გვაქვს ნარკოლოგიის ცენტრი, რაც, წინა საუკუნეში რაც იყო იმას სჯობს, მაგრამ არ არის ეს საკმარისი 21-ე საუკუნისთვის“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
0
0