
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ტრაბახობდა, ქურდული სამყარო გავანადგურე, საქართველოში აღარ არიანო, ციხის უფროსმა, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დავალებაც იქნებოდა ეს, სხვადასხვა ციხეებიდან გადმოიყვანა ქურდული სამყაროს შვიდი წარმომადგენელი, ჩემი მეუღლე, ასევე ჩემი შვილი შეიყვანა მათ კამერაში და დაუწყეს ჩხუბი, შენ ათი მილიარდი გაათეთრეო. ეს ათი მილიარდი შემდეგ პროკურატურამ მოხსნა, მაგრამ ქურდულ სამყაროს და საზოგადოებას, რომელსაც ყურში ესმოდა, რომ ჩვენ გავათეთრეთ ათი მილიარდი, დღემდე ასე ესმით, რომ ჩვენ ვართ ათი მილიარდი ევროს გამთეთრებლები, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ნანა ქადაგიშვილმა განაცხადა.
ნანა ქადაგიშვილის თქმით, მის მეუღლეს შვილის მკვლელობით დაემუქრნენ.
„მათ უთხრეს, შვილს მოგიკლავთ, თუ ამ ფულს არ მოიტანო. აჩიკოსკენ გაიწიენ, რომ რაღაც დაეშავებინათ. ჩემი მეუღლე რომ გაქანდა, ვიღაცამ უკნიდან რკინა ჩაარტყა თავში და გონება დაკარგა, სისხლი ფანტანივით მოდიოდა. შემდეგ, ეტყობა, თავად შეეშინდათ, რომ ისინი ამ ციხის პატიმრები არ იყვნენ, დროებით სხვა ციხიდან იყვნენ გადმოყვანილი და ეს ვერაფრით მოხდებოდა ვერც სააკაშვილის, ვერც ადეიშვილის და ბოლოს და ბოლოს, ვერც ციხის უფროსის, კილერას გარეშე“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ნანა ქადაგიშვილის თქმით, ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მის მეუღლეს შვილის მოკვლით ემუქრებოდნენ.
„საღამოს შემოუთვალეს, რომ სახლში თუ არ დარეკავ და ხვალ საღამოს ფულს არ მოიტან, იცოდე აჩიკოს მოვკლავთო. საღამოს მირეკავს ჩემი მეუღლე და მეუბნება, ასეთი მდგომარეობა არისო. მითხრა, ტელეფონი ჩაიწერე, დარეკე ჩემს მეგობართან საზღვარგარეთ და ის გადმოაგზავნის ფულსო. საუბარი იყო 30 ათას დოლარზე. იმ წუთშივე გადავრეკე, დაველაპარაკე ჩემი მეუღლის მეგობარს და მითხრა, არანაირი პრობლემა არ არის, ფულს გადმოგირიცხავ, უბრალოდ, ახლა შუაღამეა, ხვალ როგორ მოვასწრებ გადმორიცხვასო. კარგი, მოვიფიქრებ, დაგირეკავო. ღამე აღარ დაურეკავს, ალბათ მოერიდა და დილით, ადრე ზარია კარზე. გავედი და ვიღაც უცნობი მამაკაცია, რომელიც მეუბნება, ეს ბატონმა ბადრიმ გამოგიგზავნათო, შეფუთული ჰქონდა რაღაც. ბადრი პატარკაციშვილზე ვამბობ. ეტყობა, ჩემი ქმრის მეგობრებმა ბადრის დაურეკეს და სთხოვეს. შემდეგ ისე მოხდა, რომ ბატონმა ბადრიმ ეს ფული არ დაიბრუნა, რას ამბობ, ამირანი განსაცდელშია, მაგ თანხას როგორ დავიბრუნებო. ამ თანხის წყალობით გადავარჩინე ვაჟი, მაგრამ ეს არ იყო ერთეული შემთხვევები. ორჯერ თუ სამჯერ იყო კიდევ ასეთი შემთხვევა, შვილის მოკვლის მუქარა და ეს ყველაფერი ხდებოდა ყოველთვის „რეზბალნიცაზე“- განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.
0
0